„ჯალათი ციხეში“ – რუსთავის ციხესთან აქცია დასრულდა

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქცია – „ჯალათი ციხეში“ დასრულდა. აქცია მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეებმა გამართეს, რომლებიც ითხოვდნენ, რომ  ის უმკაცრესი სასჯელით გასამართლდეს. აქციას ყოფილი რეჟიმის დროს დაზარალებული ოაჯახის წევრებიც მონაწილეობდნენ.

მათ შორის იყვნენ მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია  მეტრეველი და ასევე მოკლული სულხან მოლაშვილის ძმა თორნიკე მოლაშვილი. როგორც ყოფილი რეჟიმის დროს დაზარალებული ოჯახები აცხადებენ, მათ საკუთარ თავზე გამოსცადეს ყოფილი რეჟიმის სისასტიკე. აქციის ორგანიზატორები სწორედ ყოფილი რეჟიმის მსხვერპლი ოჯახები იყვნენ.    

როგორც თორნიკე მოლაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა,  ჯალათის ციხიდან გამოშვება დემოკრატია არ არის.

„მთავრობას მოვუწოდებ, კარგია დემოკრატია, თავისუფლება, მაგრამ ჯალათის ციხიდან გამოშვება დემოკრატია არ არის. აქ დაახლოებით 7 ათასამდე ღირსეული ადამიანი ხართ, მადლობა. ხელისუფლებას ვაფრთხილებთ, თუ ვინმე გადაწყვეტს დემოკრატიანობას და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, აქ 5 და 10 ათასი კი არა, მთელი საქართველო გამოვალთ. არ დავუშვებთ მიხეილ სააკაშვილის ციხიდან ვადაზე ადრე გამოსვლას“ – განაცხადა თორნიკე მოლაშვილმა აქციაზე.

მსგავსი თემები