„ბოლომდე შევძლებ თქვენი და ქვეყნის დახმარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ჯანმრთელი და გარეთ ვიქნები“ – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს ყოველდღიური საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდებს და მიმართავს, რომ სწორედ ამაზეა დამოკიდებული მისი თავისუფლება. მიხეილ სააკაშვილის წერილი ციხიდან მისმა უკრაინელმა მეუღლემ გამოიტანა.  

“მეგობრებო, თანამოქალაქეებო უსაზღვროდ ვამაყობ თქვენით, თქვენი ნათელი სახეებით, ინტელექტით და ღირსების განცდით. თქვენმა სიტყვებმა და ამხელა თანადგომამ დიდი ენერგია მომცა, მართლა ფრთები შემასხა. რა ტქმა უნდა, რეჟიმი ყველაფერს გააკეთებს, რომ არ გამათავისუფლოს, მაგრამ ეს მას არ გამოუვა. ახლა საჭიროა ყოველდღიური აქციები სხვადასხვა ფორმით ყველგან საქართველოში, რადგან, ბოლომდე შევძლებ თქვენი და ქვეყნის დახმარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ჯანმრთელი და გარეთ ვიქნები და ამისი გაკეთება მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ, გარეთ რომ ვიქნები ერთად სასწაულებს მოვახდენთ, ზუსტად ვიცი.

ჩემი გათავისუფლებისთვის ბრძოლის პარალელურად ვემზადებით და ვიბრძვით არჩევნებში გამარჯვებისთვის. გუშინდელმა დღემ საბოლოოდ დამარწმუნა, რომ არჩევნებსაც მოვიგებთ და მეც თავისუფალი ვიქნები, ჩემი გათავისუფლების ტემპი და ზუსტი დრო კი ახლა თქვენს ყოველდღიურ ორგანიზებაზეა დამოკიდებული. ასევე მინდა მივმართო ემიგრანტებს, თვის ბოლოსთვის ერთი კვირით მაინც ჩამოდით საქართველოში გადამწყვეტი ბრძოლისთვის, სიტუაცია მომწიფებულია და ახლა მოდუნება დანაშაულის ტოლფასია. გამარჯვება ხელის გაწვდენაზეა და ამ ჭაობიდან ყველა ერთად ამოვალთ ძალიან მალე. გვჭირდება დამატებით მრავალი ათასი ემიგრანტი, ვიცი გადაადგილება ბევრ სირთულესთანაა კავშირში, მაგრამ ეს გადამწყვეტი უპირატესობის მომტანი იქნება ხმების დასაცავად და ჩემს მხარდასაჭერად“, – წერს მესამე პრეზიდენტი.

მიხეილ სააკაშვილს დღეს, მეუღლის გარდა, ადვოკატები და მეუფე შეხვდა.

მსგავსი თემები