ვირუსის გავრცელების გამო დისტანციურ სწავლებაზე 108 სკოლა და 687 კლასი გადავიდა

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო პროცესის კლასებში განახლების შემდეგ, 108 სკოლა და 687 კლასი დაიხურა და სასწავლო პროცესი ისევ დისტანციურად გრძელდება. 

„სასწავლო პროცესის საკლასო სივრცეში განახლებასთან ერთად, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლებში მონიტორინგი გამკაცრდა. კვლავ აქტიურად მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება. სკოლის პერსონალს – მასწავლებლებს, მანდატურებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და ტექნიკურ პერსონალს ტესტირება როგორც PCR ტექნოლოგიის, ასევე, ანტიგენის სწრაფი ტესტის გამოყენებით ინტენსიურად უტარდება.

Covid-19-ის გამოვლენის შემთხვევაში, შიდა გავრცელების თავიდან ასაცილებლად, სკოლები მოქმედებენ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა რეკომენდაციის შესაბამისად და ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე. ბოლო კვირის მონაცემის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 108 სკოლა და ცალკეული 687 კლასი,“- აცხადებენ განათლების სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, ბოლო კვირის მონაცემებით, კორონავირუსი მასწავლებლების 0,9%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0,6%-ს დაუდასტურდა.

მსგავსი თემები