მოსაწავლეები სკოლებში მეორე უცხო ენას, იტალიურს ისწავლიან

მომავალი, 2018-2019 სასწავლო წლიდან, მოსწავლეები მეორე უცხოურ ენას, სურვილის შემთხვევაში, იტალიურს ისწავლიან. მათ ამის შესაძლებლობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აძლევს, იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ზოგადი განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების მემორანდუმის გაფორმების საფუძველზე.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ ახალი პროგრამა – „იტალიური, როგორც მეორე ენა“ წარადგინეს.

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განმარტავენ, მემორანდუმის საფუძველზე, მხარეები ხელს შეუწყობენ ერთობლივი პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებას იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომლებიც დაინტერესებულნი არიან იტალიური ენის სწავლებით და სწავლების იტალიურ ენაზე წარმართვით.

მათივე ინფორმაციით, იტალიის საელჩოს ძალისხმევით და სამინისტროს მხარდაჭერით, შეიქმნა იტალიურის, როგორც მეორე ენის სტანდარტი/პროგრამა და შესაბამისად, უკვე დაიწყო იტალიური ენის სწავლება თბილისის 20 სკოლაში, მათ შორის, 13 – საჯაროსა 7 კერძო სკოლაში. იტალიის მხარემ ეს სკოლები უზრუნველყო სახელმძღვანელოებით, იტალიური მხარის ძალისხმევით გადამზადდნენ პედაგოგები და დამატებითი თანხები გამოიყო მათი სახელფასო ფონდისთვის.

ბატონმა ელჩმა ხაზი გაუსვა ურთიერთთანამშრომლობისა და კერძოდ, იტალიური ენის პოპულარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯების მნიშვნელობას და მადლიერება გამოხატა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ხელს უწყობს იტალიური ენის დამკვიდრებას ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში.

მინისტრის თქმით, ენების შესწავლა არა მხოლოდ საკომუნიკაციო კომპეტენციების შეძენაა, არამედ ეს უზრუნველყოფს ქვეყნის კულტურისა და ცივილიზაციის გაცნობას, ხალხთა დამეგობრებას და ურთიერთობების განვითარებას.

 

მსგავსი თემები