„ოლიგარქმა ამ საფრთხის წინაშე დაგვაყენა ჩვენ და სხვანაირად მოქცევა არ შეგვეძლო“ – მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია დასრულდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საპატიმროდან გათავისუფლების მოთხოვნით თავისუფლების მოედანზე მიმდინარე საპროტესტო აქცია დასრულდა. როგორც ბოლო გამომსვლელმა. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკანორ მელიამ განაცხადა, სანამ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი გამოკეტილია ციხეში, მშვიდად ყოფნა არ გამოვა.     

„ჯამბაზებს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი გამოკეტილი ჰყავთ ციხეში, ჩვენ მშვიდად ვერ ვიქნებით, ხელებს არ ჩამოვუშვებთ, ვიდრე სამართლიანობა არ იზეიმებს. დღეს ყველა, გარდა სამარცხვინო, მოღალატე ხელისუფლებისა, გარდა ოკუპანტებისა, გარდა კრემლის პროპაგანდისტული არხებისა, ყველა სოლიდარულია მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ნურავის ექნება იოტისოდენა იმედიც კი, რომ ვინმე შეეგუება მოცემულობას, რომ მიხეილ სააკაშვილი, ამ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, იქნება ციხეში გამოკეტილი და ჩვენ ბრძოლას არ გავაგრძელებთ, ვიდრე ის არ გამოვა გარეთ“ – განაცხადა ნიკანორ მელიამ აქციაზე.

მისი თქმით აქციაზე ამდენი ათასი ადამიანი სწორედ იმიტომ მივიდა, რომ მიხვდა,  ხელიდან გვეცლება ამ ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და თავისუფლება.

„ოლიგარქმა ამ საფრთხის წინაშე დაგვაყენა ჩვენ და სხვანაირად მოქცევა არ შეგვეძლო. იმაზე ბევრნი ვართ, ვიდრე ყველას წარმოედგინა, რადგან ისტორიულად, ქართველ ერს ახასიათებს ყველაზე მაგარი თვისება, გარდამტეხ მომენტში ჩვენ შეგვიძლია ერთიანობა. დღეს ჩვენ მორალურად გავიმარჯვეთ. მთელმა მსოფლიომ დაინახა რას ნიშნავს, მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი. მიხეილ სააკაშვილის თხოვნა იყო, არ გვინდა ჭირისუფლობა, არ გვინდა მწუხრი, ბრძოლის ყიჟინა გვინდა ცივილიზებული ფორმით, სიმღერაც იყოს, დროშაც ფრიალებდეს, ღიმილიც იყოს, ბედნიერებაც იყოს, რადგან ხელის გაწვდენის მანძილზე ჩვენ გამარჯვება გველოდება, რომელსაც არ გავატანთ ბიძინა ივანიშვილს“,  – განაცხადა ნიკა მელიამ აქციაზე.

მსგავსი თემები