“ჩვენი ამოცანაა, პოლიტიკური დევნა დასრულდეს, მიშა იყოს თავისუფალი” – ბექა ბასილაია

რაც ხანგრძლივდება შიმშილობა, პარალელურად, პენიტენციური სამსახური ქმნის დაბრკოლებებს პირადი ექიმის ვიზიტთან დაკავშირებით. ეს არის, როგორც პოლიტიკური პოლიტიკური გადაწყვეტილება, ასევე ბარბაროსული ქცევა, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ რუსთავის ციხესთან განაცხადა.

მისი თქმით, მოშიმშილეს პირად ექიმთან კომუნიკაცია სჭირდება.

„პირად ექიმთან კომუნიკაცია არ მისცე მოშიმშილეს, ამას რა ადამიანური ახსნა შეიძლება ჰქონდეს, რა ბიუროკრატიულ მექანიზმებზეა საუბარი. ჩვენი ამოცანაა, ეს პოლიტიკური დევნა დასრულდეს, მიშა იყოს თავისუფალი. ამისთვის ყველა ლეგიტიმური, დემოკრატიული წესი უნდა იყოს გამოყენებული. რაც შეეხება ვითარებას, რასაც აქ ვხედავთ. ჯერ ჯებირებით შემოღობეს, შემდეგ სასჯელაღსრულების თანამშრომლების კონცენტრაციის მატებას ვხედავთ. ძალის და რაღაც ბარიკადების დემონსტრირება სრულიად გაუგებარია ამ სამსახურის ხელმძღვანელობის მხრიდან. აქ კარგად გვესმის, რომ კონკრეტული ციხის უფროსი ვერ იღებს გადაწყვეტილებას, ეს მოდის იუსტიციის მინისტრისგან, პრემიერ-მინისტრისგან. სირცხვილია მედიების და კამერების მიმართ ასეთი შიში. შიგნით მობილიზებულია სპეცტექნიკა. რა უბედურებაა, რა შიშებია. პროცესებს არ ნიშნავენ, ხელისუფლება მიშას ექცევა, როგორც ტყვეს, პოლიტიკურ ოპონენტს, რომლის წინაშეც ძრწის და რომლის თავისუფლებაც აშინებთ“, – განაცხადა ბასილაიამ.

მსგავსი თემები