გარკვეული ჯგუფებისთვის, შესაძლოა, ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს

იმუნიზაციის საბჭომ, შესაძლოა, აცრის სავალდებულოობაზეც იმსჯელოს. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ, დღეში, აცრილთა რაოდენობა 20 000-სს არ მიაღწევს. აღნიშნულის შესახებ „მედიაცენტრ მთავარს“ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განუცხადა.

„იმუნიზაციის საბჭოზე ამ ეტაპზე ეს საკითხი არ დასმულა, თუმცა, თუ კითხვას დავსვამთ, შეიძლება თუ არა იყოს აცრის სავალდებულოობის საკითხი განხილული, გეტყვით, რომ აუცილებლად შეიძლება. თუ შედეგი არ გვექნა და ვერ მოვახერხეთ ვაქცინირებული ადამიანების მკვეთრი ზრდა და ის მაჩვენებელი რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია – 20 000 აცრილი ადამიანი ერთ დღეში, ამ შემთხვევაში, მნიშვენელოვანია დადგეს აცრის სავალდებულოობის საკითხი“ – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.  

მისივე შეფასებით, მეოთხე ტალღის შესუსტების ნაცვლად, უარესი შედეგი დადგა.

„ველოდებოდით მეოთხე ტალღის შესუსტებას, თუმცა, მივიღეთ უარესი შედეგი. ამ ყველაფრის საპირისპირო შესაძლოა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაცია. თვის ბოლოსთვის უნდა ვნახოთ მოიმატებს თუ არა ვაქცინირებულთა რაოდენობა. თუ არ მოიმატებს, ის ბერკეტი რომელიც ძალიან ბევრმა ქვეყანამ გამოიყენა  და გარკვეულ ჯგუფებში სავალდებულო გახდა ვაქცინაცია, ჩვენთანაც აუცილებლად უნდა იყოს განხილული“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.   

მსგავსი თემები