“დაბალი იმუნიტეტის მქონე პირებს კოვიდვაქცინის დამატებითი დოზა უნდა გაუკეთდეთ” – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დაბალი იმუნიტეტის მქონე პირებში კოვიდვაქცინის დამატებითი დოზის რეკომენდაციას იძლევა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

იმუნიზაციის ექსპერტთა სტრატეგიული საკონსულტაციო ჯგუფის განცხადებით, დამატებითი დოზა უნდა გაუკეთდეს ადამიანებს, რომელთაც მძიმე ფორმის იმუნოდეფიციტი აქვთ და მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციის დირექტორის, ქეით ო’ბრაიენის თქმით, მესამე დოზის რეკომენდაცია გაიცემა იმ პირებზე, რომლებშიც იმუნოგენურობა არაპროპორციულად არის წარმოდგენილი ვაქცინაციის შემდეგ. მისი თქმით, ვისაც დასუსტებული იმუნიტეტი აქვთ, უნდა მიეცეს დამატებითი დოზა, რათა მოემატოს იმუნიტეტი იმ მაჩვენებლამდე, რომ თავიდან იყოს აცილებული დაავადების მძიმე ფორმები.

ექსპერტთა ჯგუფის განცხადებით, 60 და მეტი ასაკის პირებში მესამე დოზა აუცილებელია იმ პაციენტებისთვის, რომლებიც აიცრნენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური წარმოების ვაქცინებით – „სინოვაკითა“ და „სინოფარმით“. ექსპერტთა ჯგუფის წარმომადგენლის, იოაჰიმ ჰომბახის თქმით, შედეგებმა აჩვენა, რომ ხანდაზმულ ასაკობრივ ჯგუფებში გაკეთებული ჩინური ვაქცინების ორი დოზა არ იძლევა შესაბამის შედეგს, ხოლო დამატებითი დოზის შეყვანა ვირუსის წინააღმდეგ ძლიერ იმუნურ პასუხს ქმნის.

მსგავსი თემები