“მიშენება-დაშენება და თვითნებურად მზიდ კონსტრუქციებში ჩარევა, აკრძალული და დაუშვებელია, ეს არის გამოვლენის და მონიტორინგის საკითხი” – ირაკლი ხმალაძე

  •  

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, შენობებზე უკანონო მიშენება – დაშენება, ასევე თვითნებურად მზიდ კონსტრუქციებში ჩარევა, აკრძალული და დაუშვებელია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს საკითხი საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებულია.

„მიშენება – დაშენება და თვითნებურად მზიდ კონსტრუქციებში ჩარევა, აკრძალული და დაუშვებელია. ეს არის გამოვლენის და მონიტორინგის საკითხი, ვიღაც შიგნით კედელს რომ ხსნის, ეს ამბავი რაღაცნაირად მუნიციპალიტეტმა უნდა შეიტყოს. ამის საშუალება არის საჩივარი, ცხელ ხაზზე შეტყობინება, აუდიტის სამსახური ახდენს გარკვეულ შემოწმებებს და ასევე, მუნიციპალური ინფექცია ახდენს მონიტორინგს. ამის შემდეგ ხდება გარკვეული შემთხვევების გამოვლენა და მათზე რეაგირება“,- განაცხადა ხმალაძემ.

ის მხარს უჭერს პრემიერის განცხადებას, რომელიც აცხადებს, რომ სამშენებლო რეგულაციები გამკაცრება იგეგმება.

„სამშენებლო რეგულაციების მიმართულებით მუდმივად ხდება გარკვეული ცვლილებების განხორციელება, ჩვენც მოგვიწევს გარკვეული ცვლილების შეტანა. ეს ჯანსაღი პროცესია და რა თქმა უნდა, საკითხს მხარს დავუჭერთ“, – განაცხადა ხმალაძემ.

მისი განმარტებით, სამშენებლო რეგულაციების დარღვევისთვის საჯარიმო სანქციები ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდა, ამიტომაც, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომა შემოიღეს.

„ის, რომ დღეს დარღვევები მივიღეთ და ამას ვეღარ ვასწორებთ, ამას თვალებში შევხედეთ და ვაპატიეთ, მაგრამ იმისთვის, რომ ხვალ იგივე არ გაგრძელდეს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა შემოვიღეთ. ჩვენ ყველამ კარგად გავაცნობიერეთ, რომ 5 ათასი, 10 ათასი ან ხშირ შემთხვევაში, 50 ათას ლარიანი ჯარიმა ვერ ახდენს დარღვევის პრევენციას. ამიტომაც შემოვიღეთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომა“, – განაცხადა ხმალაძემ.

მსგავსი თემები