ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და განსაკუთრებული ცვლილებები არ შეუნიშნავს.

გვარამიას თქმით, სააკაშვილი ძალიან აღშფოთებულია, რომ მისი პირადი მონაცემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით თანხმობის გარეშე ვრცელდება.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. განსაკუთრებული ცვლილებები მე პირადად ვერ შევნიშნე. მესმის, რომ ექიმები გაცილებით ყურადღებიანები არიან, მაგრამ ამ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, რომ არ ღირს უტრირება ამ საკითხების, რადგან საზოგადოება იზაფრება გარეთ და სააკაშვილს პროტესტი აქვს შიგნით. მან გუშინ უსმინა ყველაფერს, რაც არხების მეშვეობით გადიოდა და შესაბამისად, დღეს აქედან გამომდინარე გააკეთა განცხადება. წაგიკითხავთ. იგი ძალიან აღშფოთებულია, რომ მისი პირადი მონაცემები, ჯანმრთელობის მონაცემები ქვეყნდება მისი თანხმობის გარეშე, რაც წარმოადგენს, რა თქმა უნდა, მისი უფლებების მძიმე დარღვევას.

ძალიან მხნედ გამოიყურება, ცოცხალია და სიკვდილს ნამდვილად არ აპირებს. ელოდება თავისუფლებას,  რომლის მომტან ძირითად საშუალებად მას არჩევნებში გამარჯვება მიაჩნია. საკუთარ მომხრეებს შემოუთვალა, რომ თუ მასზე ზრუნვა სურთ, ეს არ არის წინასწარ გლოვა, არამედ არის არჩევნებში გამარჯვების უზრუნველყოფა, რაც დამოკიდებული იქნება მისი მომხრეების მონდომებაზე, ენერგიულობასა და ჩართულობას საარჩევნო კამპანიაში“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ამასთან, ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილის განცხადება წაიკითხა, რომელშიც ნათქვამია, რომ მთელი ყურადღება ახლა არჩევნებს უნდა დაეთმოს.

„მეგობრებო, მინდა, მოგმართოთ ყველას თხოვნით, ახლა არჩევნებია და მთელი ყურადღება უნდა დაეთმოს ამას. ახლა ნიჰილიზმის დათესვა, არჩევნების მეორე ტურებთან დაკავშირებით, მათ შორის ჩემზე ზრუნვის მოტივაციით, საქართველოს მტრის პირდაპირი ინტერესია. ქვეყანა ჩვენ უნდა შევცვალოთ ბევრი მეთოდით. მათ შორის უმთავრესია არჩევნებზე გამარჯვების გამოგლეჯვა. ჩემი მხრივ, მე ყველაფერს ვიზამ, რომ შიმშილობის გაგრძელების პირობებშიც კი, ცოცხალმა მოვაღწიო 30 ოქტომბრამდე და წინასწარ ჩემს გლოვას ახლა აშკარად სჯობს, ხელები დავიკაპიწოთ და 30-ში ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება“, – აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც ნიკა გვარამიამ წაიკითხა.

მსგავსი თემები