“ვაქცინაციის ასეთი მაჩვენებლით ვერ შევძლებთ ინფიცირების ტალღის შეჩერებას” – ივანე ჩხაიძე

ეპიდემიოლოგები მე-2 ტალღის მოლოდინში არიან. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ თუ ვაქცინაციის ტემპი ქვეყანაში არ გაიზარდა, ვირუსის მომდევნო ტალღა მძიმე იქნება.

ვითარების შესაძლო გართულების მიზეზად ექიმები სეზონურ გრიპებს ასახელებენ და მოსახლოებას ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ. 

“ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ბერკეტი, რაც დღეს ჩვენ გაგვაჩნია, როგორმე მოვახერხოთ ვაქცინაციის პროცესის გააქტიურება. ის ციფრები, რომელიც ბოლო დღეებში ფიქსირდება, 10 ათასის ფარგლებში და ზოგ დღეებში კიდევ უფრო ნაკლები, მიუთითებს, რომ ტემპი არის ძალიან დაბალი და ასეთი დაბალი მაჩვენებლის შემთხვეევაში, ჩვენ, პრაქტიკულად, არანაირი შესაძლებლობა არ გვექნება ინფიცირების ტალღის შეჩერების ან კონტროლის,” – აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხეიძე.

ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ვაქცინაციის ასეთი ტემპით წლის ბოლომდე მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 30% იქნება აცრილი. 

“სამწუხაროდ, თუ ვაქცინაციის არსებული ტემპი შენარჩუნდა, მხოლოდ იმის შანსი ჩნდება, რომ 2021 წლის 31 დეკემბრამდე ჩვენ გვყავდეს მხოლოდ მთლიანი მოსახლეობის 30% აცრილი. ეს, დაახლოებით, 38-40% იქნება მოზრდილი მოსახლეობის. “დელტა” შტამის რისკებიდან გამომდინარე, ეს საკმარისი არ არის და სწორედ ამიტომაა ღონისძიებები დასაგეგმი და განსახორციელებელი, რომ მაქსიმალურად შევძლოთ შემდგომი ტალღების პრევენცია და ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ,”- აცხადებს კულუმბეგოვი. 

საქართველოში 12-15 წლის ასაკის ბავშვების ვაქცინაცია დღეიდან დაიწყება. რაც შეეხება ბოლო 24 საათის კოვიდ სტატისტიკას – 23 გარდაცვლილი, 1530 ახალი შემთხვევა და 1848 გამოჯანმრთელებული.

მსგავსი თემები