სასამართლო კორპუსის ჩამონგრევის გამო დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს

  •  

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის გამო დაკავებული 3 პირის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს. მოსამართლემ გადაწყვეტილება ერთ-ერთი ბინის მეპატრონისა და ორი მუშის მიმართ უნდა მიიღოს.


დაცვის მხარის პოზიციაა, რომ საქმეში არ არსებობს ექსპერტის დასკვნა, რითაც დადგინდება, რომ ბრალდებულ ზაურ ბუდაგოვის საცხოვრებელ ფართში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები გახდა ნგრევის მიზეზი.

“საქმეში არ არსებობს ექსპერტის დასკვნა, რომლითაც დადგინდებოდა, რომ ამ სახლის ნგრევის მიზეზი იყო უშუალოდ ბრალდებულის, ზაურ ბუდაგოვის საცხოვრებელ ფართში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები.

სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა პირველ სართულზე არსებულ საცხოვრებელ ფართში, შიდა კედლების დემონტაჟი მიმდინარეობდა. ეს კედლები მზიდი იყო თუ არ იყო, ვერანაირი მოწმის ჩვენებით ვერ დადგინდება. ეს მხოლოდ და მხოლოდ უნდა შეისწავლოს ექსპერტმა, რომელსაც თვალწინ ენება ამ საცხოვრებელის სახლის პროექტი, რომელიც მოიშალა იმ საცხოვრებელ ფართში, იყო თუ არა მზიდი,” – განაცხადა ზაურ ბუდაგოვის ადვოკატმა, რამინ პაპიძემ.

ბრალდების მხარე დაკავებულების პატიმრობას მოითხოვს. პროკურატურა საქმეში უკვე არსებულ მასალებს ეყრდნობა.

“მოშალეს ხსენებულ საცხოვრებელ სახლში, როგორც არამზიდი, ასევე მზიდი კედლები. აღნიშნული სამუშაოები მიმდინარეობდა შესაბამისი საინჟინრო უსაფრთხოების მცოდნე ექსპერტებისა და სპეციალისტების მონაწილეობის გარეშე. აღნიშნულმა გამოიწვია ხსენებული საცხოვრებელი კორპუსის მდგრადობისა და სიმტკიცის რღვევა.

დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. გამოკითხულია ექსპერტები, ინჟინრები, რომლებიც საუბრობენ მომხდარი ფაქტის მიზეზების შესახებ,” – განაცხადა პროკურორმა, ალექსანდრე ძირკვაძემ.

მსგავსი თემები