“უმაღლესი სამხედრო ორგანოს ვიზიტი ადასტურებს ნატო-ს ურყევ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ” – ჯუანშერ ბურჭულაძე

“საქართველოში ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს ვიზიტი ადასტურებს ნატო-ს ურყევ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ,” – აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ადმირალ რობ ბაუერთან შეხვედრის შემდეგ.

უმაღლესი სამხედრო ორგანოს საქართველო უკვე მეოთხედ მასპინძლობს.

მინისტრის განცხადებით, ორმხრივ შეხვედრაზე განიხილეს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და ნატო- სთან სამხედრო თანამშრომლობის პრიორიტეტები.

ჯუანშერ ბურჭულაძემ ყურადღება გაამახვილა ავღანეთში ნატო-ს მიერ წარმოებულ მისიებში საქართველოს კონტრიბუციაზეც.

​„საქართველო, როგორც ალიანსის დასაყრდენი და საიმედო პარტნიორი და მომავალი წევრი, ორ ათწლეულზე მეტი მხარდამხარ იბრძოდა ნატო-ს სამხედროებთან ერთად, და წარმოადგენდა ერთ-ერთ უმსხვილეს კონტრიბუტორ სახელმწიფოს ავღანეთში ნატო-ს მიერ წარმოებულ მისიებში. მტკიცე მხარდაჭერის მისიის დასრულების შემდგომ პერიოდშიც, საქართველომ, ნატო-ს სტანდარტების შესაბამისი შესაძლებლობებითა და მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი დახმარება აღმოუჩინა ალიანსის ძალებს ტრანზიტისა და ევაკუაციის პროცესში, რაც მეტყველებს ჩვენი ძალისხმევის წარმატებასა და იმ პროგრესზე, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით მივაღწიეთ“, – განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი თემები