აგვისტოს ომს 400 ადამიანი შეეწირა, ავარიებში კი 500-600 ადამიანი გვეღუპება – შალვა ოგბაიძე 

თბილისის საკრებულოს წევრის, გლდანის მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძის განცხადებით, შემაშფოთებელია ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა სტატისტიკა, რისი მიზეზიც ხშირად არის მძღოლის დაუდევრობა, საგზაო მოძრაობის წესების უგულვებელყოფა და უფრო ნაკლებად ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობა.

“2008 წლის, რუსეთ-საქართველოს ომმა დაახლოებით 400-მდე ადამიანი – 200 მშვიდობიანი მოსახლე და 170 სამხედრომოსამსახურე შეიწირა, ყოველწიურად კი 500-600 ადამიანი იღუპება საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად. გნებავთ ამას “შავი ჭირი” დავარქვათ, გნებავთ საგანგებო მდგომარეობა, მაგრამ განგაშის ზარები რომ არის შემოსაკრავი, ეს ფაქტია. სამწუხაროდ გახშირდა ფაქტები, როდესაც ბავშვი უკან სავარძელზე ღვედის გარეშე ზის, ან წინა სავარძელზე, საქარე მინასთან უფროსის კალთაში. ასევე, ხშირად მძღოლი საჭესთან მობილურ ტელეფონზე საუბრობს. ბევრმა არ იცის რას ნიშნავს, საჭესთან მობილურ ტელეფონზე თუნდაც ერთხელ დახედვა, ამ დროს ფაქტობრივად თვალდახუჭული მოძრაობს ადამიანი. ეს არის ერთი წამი, როდესაც ავტომობილი 70-კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს და წამში 20 მეტრს გადის, ის რამდენიმე მეტრია შემდგომ, რომ არ ჰყოფნის მძღოლს მანევრირებისთვის მოულოდნელად წარმოქმნილი დაბრკოლების თავიდან ასაცილებლად”, – განაცხადა შალვა ოგბაიძემ დღეს, “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე მოქმედებს 6 ფაქტორი: მძღოლი, ავტოპარკი, გარემო -ინფრასტრუქტურა, მოძრაობის ორგანიზება, საკანონმდებლო ბაზა და კონტროლის ეფექტიანი მექანიზმი. ამათგან ყველაზე მთავარი პრობლემაა ადამიანური ფაქტორი და პლიუს რესურსების უქონლობა, რომ სახელმწიფომ თითოეული მძღოლი გააკონტროლოს.

“ერთი კონკრეტული ავარია ეს არის იმ პრობლემების ჯაჭვი, რაც ახასიათებს ზოგადად ამა თუ იმ ქვეყანაში, ამა თუ იმ ქალაქში, საგზაო უსაფრთხოების სფეროს. როგორ არის განსწავლული მძღოლი დაწყებული სკოლამდელი ასაკიდან და შემდგომ. ჩვენ საბავშვო ბაღში გვასწავლიდნენ ქუჩაში მოძრაობის ელემენტარულ წესებს, შუქნიშნის ფერების გამოცნობას და ზოგადად, როგორ უნდა გვევლო უსაფრთხოდ. ავტოსკოლები ჯერჯერობით დარჩენილია რეგულაციის გარეთ, მეორე პრობლემაა ავტოპარკის მდგომარეობა, საჭიროა ის გაჯანსაღდეს და ტექნიკურად გამართული იყოს. მომავალი წლიდან ინტენსიურად დაიწყება ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება”, – აცხადებს დეპუტატი შალვა ოგბაიძე.

მისივე თქმით, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, საქართველოს გზებზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების მაღალი მაჩვენებელი მოდის არა ავტომობილების ტექნიკურ გაუმართაობაზე, არამედ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე.

“ძირითადად დიდი ავარიები ხდება მძღოლის დაუდევრობისა და ავტომობილის გადატვირთვის გამო, მსუბუქი ავტომობილებით მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევებში ჭარბობს ადამიანური ფაქტორი, მძღოლის მიერ სიჩქარის ლიმიტის დაუცველობა. კანონი გვავალდებულებს, ისე შევარჩიოთ სიჩქარის ლიმიტი, რომ მოულოდნელად წარმოქმნილი დაბრკოლების დროს შეძლოს გვერდის ავლა ან სრული გაჩერება, მეტეოროლოგიური, საგზაო პირობების და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ასევე, მოხვევის ციმციმას ჩართვა ხშირი პრობლემაა”, – აცხადებს შალვა ოგბაიძე.​

მსგავსი თემები