“თუ მელია კენჭისყრამდე არ გაიხმობს საკუთარ განცხადებას მანდატის შეჩერების საკითხზე, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას” – თალაკვაძე

პარლამენტის საშემოდგომო სესიის გახსნაზე, პლენარულ სხდომაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტა იქნება.

მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თუ კენჭისყრის დაწყებამდე ნიკა მელია არ გაიწვევს უკან თავის მოთხოვნას, პარლამენტი საკითხს განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

“საქართველოს პარლამენტმა ერთხელ უკვე მიიღო კონსტრუქციული და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით და უარი თქვა უარი თქვა მანდატების მასობრივ შეწყვეტაზე, რასაც შემდეგ მოჰყვა მოლაპარაკება და ის შედეგი, რომ დღეს ოპოზიცია არის პარლამენტში. რაც შეეხება ნიკანორ მელიას, წინასაარჩევნო კამპანიის დროს მან ხელახლა მიმართა პარლამენტს მანდატის შეწყვეტის მოთხოვნით. კენჭისყრა ამ საკითხზე ჩატარდება დღევანდელ სხდომაზე. თუ ის დღეს, კენჭისყრამდე არ გაიხმობს საკუთარ განცხადებას უკან და ამაზე პოლიტიკურ განცხადებას არ გააკეთებს, რომ მას სურს მანდატის შენარჩუნება პარლამენტში, რასაკვირველია, პარლამენტი ვალდებული იქნება და ჩვენ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას,”- აცხადებს თალაკვაძე. 

მმართველი გუნდის კიდევ ერთი წევრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ის ჯერ არგუმენტებს მოისმენს და შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას აღნიშნულ საკითხზე. 

“ამაზე გუშინ იყო მსჯელობა გასულიყო თუ არა პლენარულ სესიაზე, რადგან თავდაპირველად, თვეების წინ პარლამენტმა ამაზე უარი თქვა, თუმცა გადაწყდა, რომ დღეს იქნება ამაზე მსჯელობა. განსხვავება წინა და ამ შემთხვევებს შორის არის ის, რომ მთლიანი პარტიული სია იყო წინა შემთხვევაში და ეს არის ინდივიდუალური. მე არ მქონდა საშუალება აქამდე ყველა არგუმენტი მომესმინა, ამიტომ ვამჯობინებ, ეს არგუმენტები მოვისმინო და შემდეგ მივიღო გადაწყვეტილება,” -აცხადებს სერგეენკო. 

შეგახსენებთ, ნიკა მელიამ საკანონმდებლო ორგანოს მანდატის გაუქმების მოთხოვნით თავად მიმართა, რის მიზეზადაც შარლ მიშელის დოკუმენტიდან “ქართული ოცნების” გასვლა დაასახელა. 

მსგავსი თემები