“ყველაფერი ჩადეს, ჩადო პირადად სააკაშვილმა და მისმა ყველა აგენტ-მოკავშირემ” – ირაკლი ღარიბაშვილი

„გახარიას ფაქტორს ჰქონდა ორი მიზანი –  პირველი, ის, რომ „ქართულ ოცნებას“  43% არ აეღო და ასევე გახარიას როლი იყო ის, რომ დაახლოებით 7-8% წაეღო „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის ნაწილიდან“ – აცხადებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

მისივე შეფასებით, ძალიან მარტივი წასაკითხი იყო თავიდანვე გახარიას პოლიტიკაში დარჩენა.

„ჩვენ ამის თაობაზე არაერთი ანალიზი გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. კაცი იყო პრემიერ-მინისტრი, სრული ნდობით სარგებლობდე პარტიის დამფუძნებლისგან, მთელი გუნდისგან და გახდე სააკაშვილის მარიონეტი, ამას მოხერხება და დიდი „ჭკუა“ სჭირდება. თუმცა ეს მისი პრობლემები და პირადი ტრაგედიაა“ – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის შეფასებით, ამ გათვლაში და პროვოკაციაში თავიდანვე ჩაითრიეს გახარია.

„პირველი მისია იყო, რომ 43% არ აგვეღო და მეორე – თბილისში გამართულიყო მეორე ტური კახი კალაძესა და ნიკა მელიას შორის. პირველი მოიხსნა მას შემდეგ, რაც ჩვენ გავაუქმეთ პრაქტიკულად ეს შეთანხმება და შედეგიც ვნახეთ, ჩვენ 47% ავიღეთ. მეორე – ეს ხომ არ იყო ჩვეულებრივი არჩევნები, მათ დააანონსეს რეფერენდუმი, ყველაფერი ჩადეს, ჩადო პირადად სააკაშვილმა და მისმა ყველა აგენტ-მოკავშირემ, იქნებოდა ეს გახარია თუ სხვა სატელიტი პარტიები, „ლელო“ და ა.შ. ჩადეს ყველაფერი და მიიღეს ის, რაც მიიღეს – დაამთავრეს კრახით. ასე დაასრულებენ ყველაფერს, როცა ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ გეგმავენ პროვოკაციას. რა თქმა უნდა, გახარიას როლი ეს იყო ის, რომ 7-8% დაახლოებით წაიღო ჩვენი შუაში მყოფი ამომრჩევლის ნაწილიდან, ასევე დაემატა მიხეილ სააკაშვილის შემოსვლა თუ შემოპარვა და ეს ყველაფერი აისახა შედეგებზე. მაშინ, როდესაც ველოდით კახა კალაძის 53-54%-იან გამარჯვებას. თუმცა მე მჯერა, რომ უფრო მეტს აიღებს კახა მეორე ტურში და იმედი მაქვს, რომ დავხურავთ ამ თემას თბილისში და ძლიერად გაიმარჯვებს თბილისში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები