„ლელო“ მეორე ტურში მხარს ოპოზიციას დაუჭერს

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, პარტია აპირებს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მხარი ოპოზიციურ კანდიდატს დაუჭიროს.

„ამ არჩევნებს, სამწუხაროდ, ვერ ვუწოდებ თავისუფალს და დემოკრატიულს. ის იყო ძალადობრივი აქტებით, მოსყიდვით, დაშინების ფაქტებით სავსე. სამწუხაროდ, ეს „ქართული ოცნების“ პირობებში დამკვიდრებული პრაქტიკაა და უნდა დავასრულოთ ასეთი ტიპის არჩევნები ჩვენს ქვეყანაში. სხვა შემთხვევაში სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარება წარმოუდგენელია. მიუხედავად ყველა წინააღმდეგობისა, ყველა შეფერხების და ხელოვნური ბარიერისა, „ლელომ“ მაინც შეძლო მიეღწია მნიშვნელოვანი შედეგისთვის, რამდენადაც 25 მუნიციპალიტეტში „ლელოს“ ეყოლება წარმომადგენელი საკრებულოში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა პარტიისთვის, რომელიც 2 წლისაც არ გამხდარა“ – განაცხადა ჯაფარიძემ მედიასთან.

მისივე შეფასებით,  მიხეილ სააკაშვილის ფაქტორმა პოლიტიკური ველის რადიკალიზაცია და პოლარიზაცია მოახდინა.

„ამან საარჩევნო დღის შედეგები და გარემო შეცვალა. საბოლოო შედეგებზეც იქონია გავლენა. ვაპირებთ, მხარი დავუჭიროთ ოპოზიციურ კანდიდატებს ყველა იმ საარჩევნო ოლქში, სადაც ოპოზიციური კანდიდატები მეორე ტურში გადავიდნენ“, – განაცხადა  ჯაფარიძემ.

მსგავსი თემები