კახა კალაძე გამარჯვებისა და ნდობისთვის ამომრჩევლებს მადლობას უხდის

  •  

თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ეგზიტპოლის წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში აღმშენებლობა დაიწყება.

„მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე. განსაკუთრებით ძალიან დიდი მადლობა და მადლიერება მინდა გამოვხატო თბილისისა და თბილისელების მიმართ. დიდი მადლობა ამ ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის. როგორც ყოველთვის ვამბობდი, მთელი ამ საარჩევნო კამპანიის დროს, ახლაც გავიმეორებ, რომ მზად ვარ 24-საათიან რეჟიმში ვემსახურო ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ამ ქალაქს, მის განვითარებას და აღმშენებლობას.

დღეს ყველაზე მეტად, რაც სჭირდება ქვეყანას, არის მშვიდობა, სიმშვიდე და სტაბილურობა. შესაბამისად, დღევანდელი ჩვენი წარმატება მოგვცემს ამ ყველაფრის შესაძლებლობას, რომ შემდეგი სამი წელი მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, სწრაფი განვითარება, რომ კეთილდღეობა იგრძნოს ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ.

იცით, რომ 2024 წელს არის საპარლამენტო არჩევნები. მანამდე გვაქვს ძალიან დიდი დრო, ყოველდღიური მუშაობისთვის. გამოვყოფ ახალგაზრდები, რომლებსაც მინდა, განსაკუთრებით მადლობა გადაგიხადოთ იმ შრომისთვის და საქმიანობისთვის, რაც გააკეთეთ ჩვენი გუნდისთვის და ჩვენი ქალაქისთვის“ – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, სამმა ტელეკომპანიამ ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა. მმართველი გუნდის პარალელურად, საკუთარ გამარჯვებას „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ნიკანორ მელიაც აღნიშნავს და ამომრჩევლებს მადლობას უხდის.

მსგავსი თემები