“ოპერაციის წარმატების ერთ-ერთი საფუძველი იყო სწორედ ის, რომ სათანადოდ იყო დაცული კონფიდენციალობა” – ირაკლი კობახიძე სააკაშვილის დაკავებაზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ყველა წარიმართება სამართლებრივი პროცედურების შესაბამისად. როგორც საარჩევნო უბანზე, ხმის მიცემის შემდეგ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ყოფილი პრეზიდენტის დაკავების სპეცოპერაციამ წარმატებულად ჩაიარა და ის, რომ მისი ქვეყანაში ყოფნის შესახებ არავინ იცოდა, სპეცოპერაციის წესების შესაბამისად მოხდა. 

“სპეცოპერაციას აქვს თავისი წესები, მათ შორის, იმისთვის, რომ მიაღწიოს თავის მიზანს, კონფიდენციალობა უნდა იყოს დაცული მაღალი ხარისხით, ეს არის მარტივი წესები, რაც აქვს ნებისმიერ სპეცოპერაციას, ეს წესები იყო დაცული და ოპერაციის წარმატების ერთ-ერთი საფუძველი იყო სწორედ ის, რომ სათანადოდ იყო დაცული კონფიდენციალობა,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მისივე თქმით, მძიმეა, როდესაც ადამიანი ციხეში ხვდება, თუმცა ირაკლი კობახიძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელმაც, მისი შეფასებით, ქვეყანა “18 წელი არ დაასვენა”. 

“ის საქართველოში ჩამოვიდა იმისთვის, რომ შეესრულებინა მუქარა ხელისუფლების გადატრიალებასა და ქვეყნის არევასთან დაკავშირებით. არავითარი აქციის რესურსი, ქუჩაში გამოსვლის რესურსი, გადატრიალების რესურსი მათ არ აქვთ, ვერაფერს მიაღწევენ. “ქართული ოცნება” არჩევნებს მოიგებს დამაჯერებლად, მომიკითხეთ მიხეილ სააკაშვილი ციხეში,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მსგავსი თემები