“პროვოკაციებს ველოდებით, თუმცა გაფრთხილებული გვყავს ყველა, არ დაუპირისპირდნენ უხეშად არცერთ პროვოკაციას” – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ხმის მიცემის პროცედურის შემდეგ, მედიასთან განაცხადა, რომ არსებობს მხოლოდ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში საზოგადებას ესაუბრებოდა. ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ საზოგადოება სწორ არჩევანს გააკეთებს.

“თქვენ როგორც იცით არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა ამ არჩევნებში, რომელიც საზოგადოებას მთელი 2 თვის განმავლობაში ესაუბრებოდა იმაზე თუ როგორ წარმოუდგენია ქვეყნის განვითარება, დედაქალაქის განვითარება, თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარება.

რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება მხარს დაუჭერს სწორედ ამ პოლიტიკურ ძალას და შესაბამისი პოლიტიკური ძალის კანდიდატებს,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ დღეს პროვოკაციებს ელოდებიან, თუმცა ყველა გაფრთხილებულია, რომ არც ერთ პროვოკაციას უხეშად არ დაუპირისპირდნენ. 

“დღეს პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელმა დღემ ჩაიაროს მშვიდად, ისეთ გარემოში როგორც ეს სჭირდება ქართველ ამომრჩეველს. ქართველმა ამომრჩეველმა მშვიდ გარემოში უნდა გააკეთოს დღეს არჩევანი და ყველა პოლიტიკურ პარტიას მოვუწოდებ რა თქმა უნდა ამის საშუალება მისცეს ამომრჩეველს.

პროვოკაციებს ჩვენ ველოდებით, თუმცა ჩვენ გაფრთხილებული გვყავს ყველა, რომ არავითარი ფორმით არ დაუპირისპირდნენ უხეშად არცერთ პროვოკაციას. ჩვენ გვჭირდება მოთმინება დღევანდელ დღეს და გვჭირდება მშვიდი გარემო ამ არჩევნებისთვის.

დღეს “ქართული ოცნება” მყარად მოიგებს არჩევნებს, ყველაფერი იქნება კარგად,” – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები