„დღეს და ხვალ სავარაუდოდ, იქნება იმის გარკვევა, მიხეილ სააკაშვილი არის თუ არა საქართველოში“ – ვიცე-სპიკერი

  •  

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, „მოქალაქეების“ წევრის, ლევან იოსელიანის განაცხადებით, ყოფილმა პრეზიდენტმა თავის საწადელს მიაღწია, რადგანაც დღეს და ხვალ, მისა საქართველოში ყოფნა-არყოფნა მთავარი დღის წესრიგი იქნება.

„დღეს და ხვალ, იქნება იმის გარკვევა, მიხეილ სააკაშვილი არის თუ არა საქართველოში. არადა, ეს პერიოდი იმ საკითხებზე საუბარს უნდა დათმობოდა, რაც ჩვენი მოქალაქეებისთვის არის მნიშვნელოვანი და რასაც აბუჩად იგდებენ, რომ სახურავებზე და გზებზე ხომ არ ვილაპარაკებთო. დიახ, სახურავებზე და გზებზე უნდა ვილაპარაკოთ და არა იმაზე, ჩამოვიდა თუ არა საქართველოში სააკაშვილი“ – აცხადებს იოსელიანი.

მისივე შეფასებით, თუ მიხეილ სააკაშვილი მართლაც საქართველოშია, ეს ქვეყნის უსუსურობის მანიშნებელია. 

„თუ ჩამოვიდა, სახელმწიფო აბსოლუტურ უსუსურობას იჩენს და ამტკიცებს, რომ ე.ი. საზღვარი ფაქტობრივად ჩვენ არ გვაქვს და შეიძლება, შეხვიდე-გამოხვიდე. ის, რომ დღეს არჩევნების წინა დღეს მედია კონცეტრირებულია სხვა საკითხზე და არავინ საუბრობს თვითმმართველობის არჩევნებზე, ეს მხოლოდ სამწუხაროა“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა მედიასთან.

მსგავსი თემები