“არ მგონია, რომ ამ გავრცელებულ ვიდეოებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის აქ იმყოფება” – მიხეილ სარჯველაძე სააკაშვილზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ოფიციალური უწყებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

“მე არ მგონია, რომ ამ გავრცელებულ ვიდეოებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ის აქ იმყოფება. შსს-მ გააკეთა განცხადება, არც ერთი გამშვები პუნქტების მეშვეობით ის საქართველოში არ იმყოფება, შესაბამისად ეს არის ოფიციალური ინფორმაცია და შეგვიძლია უდაოდ ვენდოთ.

თუ რაღაცა მწვანე გზებით და ა.შ. არის ნასიარულები და ტყე-ტყე, რა ვიცი ესეც კომიკურად გამოიყურება ახლა ყველაფერი და უცნაური სიტუაციაა. უცნაური იმიტომ, რომ ნაღდად არ არის სასიამოვნო საყურებელი ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ასეთი მანიპულაციებით ცდილობს საკუთარი ავტორიტეტის განმტკიცებას საკუთარ ამომრჩეველში, კომედიურ ჟანრს ემსგავსება.

საკუთარ ამომრჩევლებს ამხნევებს ასეთი გზებით. უკვე მასაც რომ არ უჯერებენ ჩამოსვლასთან დაკავშირებით, უწევს რაღაც ფეიკების გავრცელება თუ ყველაფერი სხვა.

შიდა განხეთქილების და ყველაფრის გათვალისწინებით კარგავს “ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაში დომინანტურ მდგომარეობას, შესაბამისად სჭირდებათ ძალისხმევით მაქსიმალური მობილიზება იმისთვის, რომ ასეთი მდგომარეობა არ დაეკარგოთ, ამას ცდილობენ გააფთრებით,” – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მსგავსი თემები