გიორგი გახარია მიმართვას ავრცელებს

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია მიმართვას ავრცელებს.

„დღეს პირველი ოქტომბერია, დღე, რომელიც დღემდე იყო სამართლიანობისა და ადამიანის ღირსების სიმბოლო, მაგრამ ისევ ცხრა წელი… და „ოცნება“, რომელიც შეიქმნა სწორედ ამ ფასეულობებზე დაყრდნობით დღეს გვეუბნება, ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემი და ქვეყნის მტერია. ამ პრინციპით დღეს „ოცნება“ ათასობით კეთილსინდისიერ საჯარო მოხელეს, პოლიციელსა და ჯარისკაცს, მასწავლებელსა და ექიმს, სოციალურად დაუცველსა და მეწარმეს ეუბნება, რომ ხმას თუ არ მომცემ, ესე იგი ქვეყნის მტერი ხარ.

სწორედ ასე გვაბრუნებს „ოცნება“ „ნაციონალების“ წარსულში, სწორედ ასე დაემსგავსა „ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“. „ოცნება“, რომელიც შეპყრობილია ძალაუფლების შენარჩუნების სურვილით ნებისმიერ ფასად და „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც შეპყრობილია რევანშის სურვილით, ასევე ნებისმიერ ფასად.

მათ დღეს ძალიან აწყობთ ერთმანეთი: „ოცნებას“ – სრულად დისკრედიტებული ოპოზიცია და „ნაციონალურ მოძრაობას“ – დასუსტებული და ნდობადაკარგული „ოცნება“. არც ერთ მათგანს დღეს აღარ ახსოვს საქართველოს მოქალაქე – საქართველოს მოქალაქე და მისი ყოველდღიური პრობლემები: უმუშევრობა, ქვეყნის ოკუპაცია, პანდემია, ქვეყნის სუვერენიტეტი – ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.

მე ერთხელ საქართველოს პარლამენტში „ნაციონალურ მოძრაობას“ დავპირდი, რომ დავასრულებდი, დღეს შემიძლია გავუმეორო ორივე მათგანს, რომ ჩვენ საქართველოს მოქალაქეებთან ერთად აღარ გავაგრძელებთ ძალაუფლების შენარჩუნებას ნებისმიერ ფასად „ოცნებისთვის“, ისევე როგორც რევანშის უფლებას „ნაციონალური მოძრაობისთვის“ – საქართველოს მოქალაქისა და ქართული სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება!

ჩვენ უნდა მივცეთ შესაძლებლობა ახალი თაობის, ახალი ფორმაციის პოლიტიკოსებს, კორუფციისა და ნეპოტიზმისგან სრულად თავისუფლებს, შექმნან ქვეყნის მომავალი. ქვეყნის მომავალი, სადაც აღარასოდეს განმეორდება ერთპიროვნული მმართველობა.

ერთპიროვნული მმართველობა, რომელიც ჩვენ ორი ცხრაწლიანი ციკლის განმავლობაში ძალიან კარგად დავინახეთ, როგორ აბრუნებს ქვეყანას წარსულში და უსპობს განვითარების ნებისმიერ პერსპექტივას!

ჩემთვის სახელმწიფო განუზომლად დიდი ფასეულობაა, ბევრად უფრო დიდი, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური პარტია ან პიროვნება! ჩემთვის სიმართლე, ასევე, განუზომლად დიდი ფასეულობაა და ჩვენ შეგვწევს უნარი, ვუთხრათ ჩვენს მოქალაქეებს სიმართლე, პირველ რიგში, იმ შეცდომებზე, რომლებიც ჩვენ დავუშვით წარსულში, სრულად ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენს მიერ დაშვებულ შეცდომებზე და ამ შეცდომების გათვალისწინებით, ვუთხრათ ჩვენს მოქალაქეებს, რომ:

ჩვენი მიზანია ძლიერი, სამართლიანი და თანამედროვე სახელმწიფო. სახელმწიფო, სადაც იქნება წესრიგი; სახელმწიფო, სადაც ხელისუფლება იცვლება სამართლიანი არჩევნებით; სახელმწიფო, სადაც კანონი თანაბრად კანონობს ყველასთვის; სახელმწიფო, სადაც რიგით მოქალაქეს აქვს უფლება და იმედი, სამართლიანი სასამართლოსი; სახელმწიფო, სადაც განათლება და ჯანდაცვა უფლებაა და არა – პრივილეგია; სახელმწიფო, სადაც ჩვენი ხანდაზმულები ღირსეულად ცხოვრობენ; სახელმწიფო, სადაც თითოეულ ჩვენგანს გვაქვს შესაძლებლობა, კეთილსინდისიერი შრომით, ღირსეულად ვარჩინოთ ჩვენი ოჯახები; სახელმწიფო, რომელიც იცავს ჩვენს კულტურას, ტრადიციებს, იდენტობას, ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და სახელმწიფო, რომლითაც ვამაყობთ თითოეული ჩვენგანი.

დღეს თუ ვინმე გვეტყვის, რომ ეს არჩევნები რიგითი მუნიციპალური არჩევნებია, იქნება ტყუილი, იმიტომ, რომ ეს არის ცვლილებების არჩევნები. მოდი არჩევნებზე საქართველოსთვის!“, – ნათქვამია გიორგი გახარიას მიმართვაში.

მსგავსი თემები