განათლების სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას მასწავლებელთა სავალდებულო აცრასთან დაკავშირებით

მასწავლებელთა სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განცხადება გააკეთეს. როგორც უწყებაში აღნიშნეს, ინფორმაცია მასწავლებელთა სავალდებულო აცრასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება.

„იმისათვის, რომ სასწავლო პროცესი უსაფრთხო გარემოში, შეუფერხებლად გაგრძელდეს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მუდმივად მოუწოდებს მასწავლებლებს, აიცრან. გარდა ამისა, სამინისტრო Unicef-თან ერთად აგრძელებს აცრასთან დაკავშირებით მასწავლებლებში ცნობიერების ამაღლების კამპანიას. სამინისტრო მასწავლებლებს ყოველთვის სთავაზობდა დახმარებას აცრისთვის რეგისტრაციის პროცესში, შემდეგ ყველა ქალაქში გაიხსნა ამცრელი კაბინეტები სპეციალურად განათლების სისტემის წარმომადგენლებისთვის, სადაც მათ რეგისტრაციის გარეშე შეეძლოთ ვაქცინაცია. შედეგად, ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით, აცრილია საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა და სკოლების ადმინისტრაციის თანამშრომელთა 65% და პროცესი გრძელდება”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, შეტანილია კანონპროექტი, რომელიც მასწავლებელთა სავალდებულო ვაქცინაციას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები