სკოლებიდან მშობლებისთვის ვაქცინაციის დოკუმენტის მოთხოვნა არაკონსტიტუციური და დისკრიმინაციულია 

სკოლების ადმინისტრაციის მხრიდან მოსწავლეთა მშობლებისთვის ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას ექსპერტები და იურისტები დისკრიმინაციულად და არაკონსტიტუციურად აფარებენ. როგორც „მედიაცენტრ მთავართან“ განათლების ექსპერტები და იურისტები განმარტავენ, მსგავსმა მიდგომამ, შესაძლოა მოსწავლეთა ბულინგიც კი გამოიწვიოს.   

„ჯანმოს მიერ ნებისმიერი მოქმედება არის სარეკომენდაციო სახის. არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რომ სახელმწიფომ რაიმე ფორმით მშობელი დაავალდებულოს,  ეს გააკეთოს. რომც დაავალდებულოს, შემდეგ უკვე მოდის კანონთან წინააღმდეგობაში – სწავლის უფლება კონსტიტუციითაა გარანტირებულია. თუ სკოლა მსგავსად დაავალდებულებს მშობელს და მოსთხოვს აცრის დამადასტურებელი დოკუმენტი წარუდგინოს, მას აქვს უფლება, არ დაემორჩილოს.  ეს არის სარეკომენდაციო ხასიათის და არა სავალდებულო. ეს არის დარღვევა და სამართლებრივად, სკოლა ამ დავას აუცილებლად წააგებს“ – განუცხადა უფლებადამცველმა და იურისტმა ალექსანდრე კობაიძემ „მედიაცენტრ მთავარს“.

ანალოგიურად ფიქრობს ექსპერტი რევაზ აფხაზავა.

„რას ჰქვია სკოლაში არ დაიშვება. ზოგადად, კანონის მიხედვით, აცრა არ არის სავალდებულო.  შესაბამისად, მოსწავლისთვის განათლების უფლების შეზღუდვა არის არასწორი და უსამართლო, კანონგარეშე ქმედებაა. განათლების უფლება კონსტიტუციითაა გარანტირებული. მის შეზღუდვას სჭირდება ძალიან სერიოზული არგუმენტი. მიუხედავად იმისა, რომ მეც ვემხრობი რომ უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს სახელმწიფომ აცრებზე, ეს არ ნიშნავს, რომ განათლების უფლება შეუზღუდონ ვიღაცამ იმ სახით, რომ სკოლაში არ შეეძლოს მისვლა. დისკრიმინაცია აშკარად სახეზეა. ასეთი მოთხოვნა არ უნდა იყოს. ამით ბავშვების სტიგმატიზაციაც ხდება. აი, შენ ანტივაქსერების ოჯახიდან ხარ და შესაძლოა, სკოლაში ბულინგის საგანიც გახდეს.  სერიოზულ საფრთხეს წარმოშობს ასეთი დამოკიდებულება.

ცალსახად დისკრიმინაციული მოთხოვნაა და სკოლას მსგავსი უფლება არ აქვს. გარდა ამისა, ეს პერსონალური ინფორმაციაა და არც ამისი გამოთხოვის უფლება აქვთ სკოლას. ან, უნდა მიიღონ კანონი და მისცენ ამ მოთხოვნას კანონის ძალა. მაშინ ტოტალიტარულ ქვეყანასთან გვქონია საქმე. ეს არ არს კონსტიტუციური დავალება“ – აღნიშნა რევაზ აფხაზავამ „მედიაცენტრ მთავართან.“

რეზო აფხაზავა განმარტავს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით შეფასება სახელმწიფო ინსპექტირების სამსახურმაც უნდა გააკეთოს. 

შეგახსენებთ, რომ „მედიაცენტრ მთავარს“ არაერთი მშობელი დაუკავშირდა, რომლებიც აცხადებენ, რომ სკოლებში სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად, ადმინისტრაცია მშობლების ვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტს ითხოვს.

„მედიაცენტრი მთავარი“ დაავადების კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, თუ გასცეს მსგავსი დავალება გასცეს სკოლებისთვის, თუმცა, ამ დრომდე, ცენტრისგან პასუხი ვერ მივიღეთ. ასევე დავუკავშირდით განათლების მინისტრის მოადგილეს და ველოდებით შეფასებას.  

მსგავსი თემები