“ჩემი ლიკვიდაცია სნაიპერული შაშხანით რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქეების მხრიდან იგეგმებოდა” – ნიკა გვარამია

ნიკა გვარამიას განცხადებით, მისი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, ინფორმაციის მიღებისთანავე აცნობა ელჩებს და სუს-ს, რომელმაც სპეციალური დაცვა დაუნიშნა.

“მთავარი არხის” დირექტორის თქმით, დღეს მოულოდნელად სუს-ში დაიბარეს და უთხრეს, რომ ინფორმაცია მისი ლიკვიდაციის შესახებ დადასტურდა, თუმცა მასთან ერთად, ასევე იგეგმებოდა სხვა ჟურნალისტის ლიკვიდაციაც.

“ერთი თვის წინ მივიღე ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა ჩემი ლიკვიდაცია სნაიპერული შაშხანით რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქეების მხრიდან. არ დამიწყვია გარკვევა, პროვოკაციას მიწყობს სუს-ი, თუ სიმართლეა. ვესაუბრე ელჩებს და მივედი ანტიტერორისტულ დეპარტამენტში. დღეს დამირეკეს და მითხრეს, შევძლებდი თუ არა მისვლას. მეუბნებიან, რომ დასტურდებოდა ინფორმაცია ჩემი შეკვეთილი მკვლელობის შესახებ და ჯგუფი უკვე იდენტიფიცირებულია. თუ ეგონათ რომ შემეშინდებოდა, არ მეშინია. მეუბნებიან უცნაურ რამეს,ჩემს გარდა იგეგმება სხვა ჟურნალისტის ლიკვიდაცია. სხვა ჟურნალისტის ლიკვიდაციაზე მე არ უნდა მაწვდიდეს სუს-ი ინფორმაციას,”- აცხადებს ტელეკომპანია “მთავარი არხის” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

როგორც სუს-ში განაცხადეს,დღეს ნიკა გვარამიას დაბარება გამოძიების ფარგლებში მოხდა, მათ უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით გვარამიას რეკომენდაციები მისცეს.

მსგავსი თემები