10, 15 და 50 000 ლარი – გარემოს დაბინძურებისთვის სანქციები მკაცრდება

„გარემოს დამაბინძურებლების მიმართ ჩვენ შესაბამისი სანქციები შემოვიტანეთ, რომელიც ვფიქრობ შემაკავებელი ეფექტის იქნება,“ – ეს განცხადება მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტი კანონპროექტს კანონად მალე აქცევს.

მინისტრის შეფასებით, მოსახლეობა ლოგიკურია, როცა მსგავს დარღვევაზე მკაცრ სანქციებს ითხოვს.

„მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ჩვენ გვესმის მოსახლეობის, რომელიც ითხოვს დაჯარიმებას იმ ბიზნესოპერატორების, რომლებიც ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას ახდენენ,  ახდენენ არაერთგზის, არაერთჯერადად და ემისიები ნორმას რამდენჯერმე აღემატება. ჩვენ შესაბამისი სანქციები შემოვიტანეთ, რომელიც ვფიქრობ შემაკავებელი ეფექტის იქნება. ეს თანხები არის საკმაოდ დიდი  –   10, 15 და ხშირად 50 ათას ლარამდეც, განმეორების და იმის მიხედვით, თუ რამდენად დიდია გადაჭარბება ზღვრულ ნორმებთან შედარებით. ასე რომ, თვითმონიტორინგის სისტემების არსებობა ასეთი ტიპის ბიზნეს საქმიანობისთვის, რომლებიც ატმოსფერულ ჰაერში დიდი ემისიის წყაროები არიან, არის ძალიან მნიშვნელოვანი პირობა, რომელიც ამ პაკეტმა განსაზღვრა და  რომელიც გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონთან ერთად იყო მთავრობაზე წარდგენილი. იმედია, ოპერატიულად მოხდება ამ დოკუმენტების განხილვა და  საშემოდგომო სესიაზე,  პარლამენტი მიიღებს ახალ პაკეტს, რომელიც ევროპული პრინციპების შესაბამისად განსაზღვრავს გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მსგავსი თემები