10-თვიანი მოლაპარაკებების შედეგად თბილისს კიდევ ერთი სპორტული სივრცე შეემატება 

თბილისის საბურთალოს რაიონში, საბურთალოსა და ბახტრიონის ქუჩებს შორის ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიას, სადაც წლების წინ ჩოგბურთის კორტები არსებობდა, თბილისის მერია სპორტული ფუნქციით შეინარჩუნებს. კერძოდ, მოეწყობა სპორტული ინფრასტრუქტურა – ჩოგბურთის კორტები, მინი საფეხბურთო მოედნები და შესაძლოა საცურაო აუზიც, რომლითაც, არა მხოლოდ ადგილობრივები, არამედ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონის მცხოვრები მოქალაქეებიც ისარგებლებენ.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, ტერიტორია 2009 წელს, უცხოურ კომპანიაზე გასხვისდა.  დედაქალაქის მერიასა და კერძო მესაკუთარეს შორის,  ადგილმონაცვლეობასთან  დაკავშირებული მოლაპარაკებები 10 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელიც საბოლოოდ შეთანხმებით დასრულდა.

აღნიშნულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული გეგმები ადგილობრივ მოსახლეობას დღეს, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გააცნო, რომლის განხორციელებაც 2019 წლიდან დაიწყება. ამ ეტაპზე, საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს.

“ქალაქის განვითარების ინტერესები პრიორიტეტულია, მაგრამ როდესაც საქმე კერძო საკუთრებას ეხება, პირადად ჩემთვის და ჩვენი თანაგუნდელებისთვის, მისი ჩამორთმევა კატეგორიულად მიუღებელია.  კომპანიასთან ადგილმონაცვლეობაზე მრავალთვიანი მოლაპარაკებები შეთანხმებით დასრულდა და ადგილი, სადაც ადრე სპორტული ინფრასტრუქტურა იყო განთავსებული, ქალაქს უბრუნდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი ინფორმაციით, უცხოელ ინვესტორს აღნიშნული ნაკვეთის გარდა, ცოტა მოშორებით, ასევე, ჰქონდა მიწის ნაკვეთი, სადაც დღეს საავტომობილო გზა გადის. წლების წინ მას საკუთრებაში არსებული ტერიტორია, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე წაართვეს.

“დღეს, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება ქალაქში, მწვანე სივრცეები, სკვერები, პარკები და სპორტული ინფრასტრუქტურაა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე კახა კალაძესთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ვახტანგ შაქარიშვილი და ადგილობრივი მცხოვრებლები იმყოფებოდნენ.

 

მსგავსი თემები