10 წელია, ქართველ მოჭიდავეებს სამედიცინო გამოკვლევა არ ჩატარებიათ – ზურაბ შელია 

მწვრთნელი ზურაბ შელია ჭიდაობის ფედერაციაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს და აცხადებს, რომ სპორტსმენებს წლობით არ უტარდება სამედიცინო შემოწმება, რაც დაუშვებელია. ნაკრების ყოველი წევრი, წელიწადში სულ მცირე 2-3-ჯერ უნდა გადიოდეს სამედიცინო შემოწმებას. მათ კი, უკანასკნელი 10 წელია, სამედიცინო კვლევა არ ჩატარებიათ. 

როგორც ზურაბ შელიამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა,  სამედიცინო კვლევა გულისხმობს აღდგენით პროცესს, წონა-სიმაღლის ინდექსს და სხვადასხვა მიმართულებებს, რაც კონტროლზე უნდა იყოს, მით უმეტეს, როცა საუბარია ჭიდაობის ოლიმპიურ სახეობებზე.  

“სპორტსმენს, შესაძლოა, რაღაც პრობლემები ჰქონდეს. შესაძლოა გული აწუხებდეს და ამან ფატალურ შედეგამდე მიგვიყვანოს. ამაზე გარკვეული თანხები უნდა იყოს გამოყოფილი. თუ არის გამოყოფილი და არ იხარჯება მიზნობრივად, ეს დანაშაულია. თანამედროვე სპორტი არის დინამიური და ძალისმიერი. მედიცინის გარეშე სპორტი წარმოუდგენელია. ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში ეს საკითხი ძალიან დალაგებულია და სწორი მიმართულება აქვთ აღებული. ჩემს სპორტსმენებს სამედიცინო შემოწმებას საკუთარი ხარჯით ვუტარებ”, – აცხადებს ზურაბ შელია.     

მისივე თქმით, ათეული ათასობით ლარს, ჭიდაობის ფედერაციაში, გაურკვეველ ადამიანებს პრემიის სახით ურიცხავენ. ეს თანხა უკეთესია სპორტსმენების სამედიცინო შემოწმებას მოხმარდეს. 

მსგავსი თემები