“ევროკავშირის ანგარიშში დაფიქსირებულია, რომ საქართველო წარმატებით განაგრძობს რეფორმების დღის წესრიგს” – ირაკლი ჩიქოვანი

„ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ საქართველო ევროკავშირისთვის წარმოადგენს მთავარ პარტნიორს რეგიონში,“- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

„ანგარიშში დაფიქსირებულია, რომ ევროკავშირი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და დადებითად აფასებს იმ უფრო გაღრმავებულ თანამშრომლობას, რომელიც საქართველოს გააჩნია ევროკავშირთან საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის სფეროებში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო, როგორც ევროკავშირის ძირითადი პარტნიორი რეგიონში, წარმატებით განაგრძობს რეფორმების დღის წესრიგს და ჩვენ ასოცირების შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს მივყვებით, აქტიურად ვმუშაობთ მათ იმპლემენტაციაზე. ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, მიმართულია საქართველოს სახელმწიფოს ევროკავშირში გაერთიანებისთვის,“- აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისივე განცხადებით, პროგრესის მიუხედავად, ბუნებრივია, დოკუმენტში არის გარკვეული მითითებები, რომელიც ეხება ცალკეულ საკითხებს, რაზეც საქართველოს ხელისუფლებას აქვს ხედვა, გაამახვილოს ყურადღება, დაგეგმოს კონკრეტული რეფორმები და შესაბამისად, მიაღწიოს სასურველ შედეგებს.

„ჩვენ ამ საკითხებთან მიმართებაში გვექნება ძალიან მჭიდრო კონსულტაცია ჩვენს პარტნიორებთან და, რა თქმა უნდა, გეგმებსაც ერთად განვახორციელებთ. აგრეთვე, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ სულ რამდენიმე დღეში სტრასბურგში გაიმართება ასოცირების შეთანხმების  მიმდინარეობის განხილვა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დელეგაცია. ჩვენ ამ განხილვებთან დაკავშირებით გვაქვს პოზიტიური მოლოდინი და შესაბამისად, ამასაც ექნება მნიშვნელოვანი როლი ევროინტეგრაციის გზაზე,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.

აგრეთვე, ირაკლი ჩიქოვანმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის სამიტის მნიშვნელობაზე, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში გაიმართება.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში საქართველო ემზადება ევროკავშირის სამიტისათვის, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალზე იმსჯელებს და ჩვენ გვექნება კიდევ უფრო მკაფიო ხედვა და გეგმები, როგორც ჩვენს ევროკავშირის პარტნიორ სახელმწიფოებთან, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ერთად, თუ როგორ განვაგრძოთ ინტეგრაციის გზა,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა.

ცნობისთის, ევროკავშირმა „საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ“ მეოთხე ანგარიში გამოაქვეყნა.

მსგავსი თემები