​მეტი ქალია საჭირო პოლიტიკაში, რეალობა უნდა შევცვალოთ – ეკა ბესელიას მიმართვა ქალებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია აცხადებს, რომ რაც შეიძლება მეტი ქალი უნდა წავიდეს პოლიტიკაში, რომ ამ სფეროში გარდატეხა შეიტანონ, დამოუკიდებლად შექმნან ღირებულებები და სხვებზე არ იყვნენ დამოკიდებულნი.  

როგორც ეკა ბესელია აცხადებს, საკუთარი გამოცდილებით მიხვდა, რომ ქალებს რეალობის შეცვლა შეუძლიათ. 

“მივმართავ ყველა ქალს, – თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ რეალობა. მეტი ქალია საჭირო პოლიტიკაში! ამას მაშინ მივხვდი, როცა მე თავად მომიწია ბევრი კათარზისის გავლა. ბევრი განსაცდელის გადატანა და მუდმივად მტკიცება რომ სუსტი არა ვარ! რომ დამოუკიდებლად შემიძლია შევქმნა ღირებული და აღარ ვიყო სხვისი ხელის შემყურე…სწორედ იმიტომ , რომ ამდენის გავლა და გადატანა არ დასჭირდეს არც ერთ ქალს, მეტნი მოდით პოლიტიკაში და იბრძოლეთ, რომ იყოს უფრო ადამიანური და კეთილი, ვიდრე არის დღეს”, – წერს სოციალურ ქსელში ეკა ბესელია. 

იგი ადამიანების პირად სივრცეში ფარული კამერით შეჭრას აპროტესტებს და აცხადებს, რომ ეს ის ადგილია, სადაც არავის, არასოდეს, არაფერი ესაქმება!

​მისივე თქმით, ყველა საჯარო პირის მიმართ, ამ მეთოდს იყენებდა ექსპრეზიდენტი სააკაშვილი. მან შექმნა სისტემა, რომელიც ადამიანის ღირსებას ფეხქვეშ თელავდა. ანადგურებდა ფიზიკურად და მორალურად. ადამიანი, როგორც ღირებულება არ არსებობდა.

ეკა ბესელია პოლიტიკური ბრძოლის მის მიერ განვლილ გზაზე საუბრობს და მოუწოდებს ქალებს, ბრძოლის არ შეეშინდეთ.

“სამკვდრო–სასიცოცხლო ბრძოლაში ვიდექი ფეხმოუცვლელად, მაშინაც, როცა სააკაშვილის ზონდერები ჯერ ქვებს, ხოლო შემდეგ მომწავლელ გაზს, პლასტიკურ აკრძალულ ტყვიებს გვიშენდნენ მე და ჩემს მეგობრებს და სასიკვდილოდ გვიმეტებდნენ… ვიდექი მე ქალი ამ სასტიკი დარბევის დროს და არასოდეს გავქცეულვარ! არ შემშინებია! არ მინანია! ყველაზე მძიმე გამოცდა – 2009–11 წწ, ჩემი სკოლის მოსწავლე შვილის და 11 წლით უმცროსი ძმის ერთად დაპატიმრება პოლიციისთვის წინააღმდეგობის ბრალდებით. ყველა ინსტანციის სასამართლომ ბედნიერად გაასამართლა დედის გამო დასჯილი უდანაშაულო ბიჭები. ისე როგორც ასამართლებდნენ სხვებს… არავის ვუნახივარ აცრემლებული, შეშინებული, გატეხილი და უკანდახეული”, – წერს დეპუტატი ეკა ბესელია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.  

მსგავსი თემები