​არც ვაშაძე- სააკაშვილს და არც ზურაბიშვილი-ივანიშვილი-ფარცხალაძეს ვანდობ ქვეყანას – დავით უსუფაშვილი

პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, პოლიტიკური გაერთიანება “შენების მოძრაობის” ლიდერი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში არც ერთ კანდიდატს არ დაუჭერს მხარს, რადგან მათ შორის ვერ ხედავს საზოგადოების გამაერთიანებლის პოტენციალს და ამ ორი პოლიტიკური გუნდიდან ვერც ერთ ვერ ანდობს ქვეყნის მომავალს.

“ჩემი გვარი შეცდომით ახსენეს სხვა პარტიების ჩამონათვალში, თითქოს მე მხარი დავუჭირე ვაშაძეს და მან მადლობა გადამიხადა”, – განაცხადა პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

დავით უსუფაშვილი მიმართავს ოპოზიციურ პარტიებს, კონკრეტულად კი პრეზიდენტობის კანდიდატ დავით ბაქრაძეს, ნუ დაუწესებენ მას ოპოზიციური საქმიანობის სტანდარტებს იმის მიხედვით, თუ ვის რა საჭიროება დაუდგა დღეს.

“დავით ბაქრაძემ ბრძანა, რომ ახლა საჭიროა ოპოზიციის ერთად დადგომაო. ყველას გვაქვს საშუალება ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას. ​არც ვაშაძე- სააკაშვილი, არც ზურაბიშვილი – ივანიშვილი -ფარცხალაძე არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ რომელიმე მათგანს პოლიტიკური მხარდაჭერა გამოვუცხადო. ვერ ვხედავ მათში ძალას, რომელსაც ქვეყნის მომავალს ვანდობდი”, – აცხადებს დავით უსუფაშვილი.

მისივე შეფასებით, ქვეყანა იმყოფება სახელმწიფო ცვლილების მიჯნაზე და საჭიროა კონკრეტული გამოსავლის მონახვა – კოალიციური მთავრობა და მრავალპარტიული პარლამენტი.

“სახელისუფლებო ცვლილება უნდა განხორციელდეს კონსტიტუციის გზით. ​ერთმმართველი “ქართული ოცნება” არ უნდა ჩაანაცვლოს ერთმმართველმა “ნაციონალურმა მოძრაობამ”.  უახლოეს დღეებში ბევრ ადამიანთან მექნება კონსულტაციები. ქვეყანა კრიზისულ ვითარებას უახლოვდება, ჩვენ უნდა მივიღოთ მრავალპარტიული პარლამენტი და კოალიციური მთავრობა. ახლა შესაძლოა “ოცნებას” გაუხდეს სანატრელი პროპორციული არჩევნები,  რადგან თუ მოვიდა ხელისუფლებაში სააკაშვილი, ის ხელში მოიგდებს ყველა სადავეს”, – აცხადებს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი დავით უსუფაშვილი.

მსგავსი თემები