სოხუმში, მომიტინგეების მთავარი მოთხოვნა ხაჯიმბას გადადგომაა – არიან დაშავებულებიც

სოხუმში, დე-ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ე.წ. ოპოზიციური ძალები აქციას მართავენ. დემონსტრანტები, ე.წ. არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადებასთან ერთად, რაულ ხაჯიმბას გადადგომასაც ითხოვენ.

რუსული მედიის ცნობით, ე.წ. სამართალდამცველებთან შეტაკებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოებში გადაიყვანეს, თუმცა ინფორმაციას არ ადასტურებს ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან დილიდან აქცია მიმდინარეობს. ცოტახნის წინ, ისინი დე-ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში შეიჭრნენ. მათ ფანჯრის მინები ჩაამსხვრიეს და შენობის შიგნით შეღწევა მოახერხეს.

აქციის მონაწილეები უკანონოდ ცნობენ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, რომელშიც გამარჯვება ოკუპირებული აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით რაულ ხაჯიმბამ მოიპოვა. დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების პირველი და მეორე ტური აფხაზეთში 2019 წლის 25 აგვისტოს და 8 სექტემბერს გაიმართა. არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამარჯვებულად რაულ ხაჯიმბა გამოაცხადა. რაულ ხაჯიმბამ ე.წ. არჩევნების პირველ ტურში ხმათა 47,39 პროცენტი მიიღო, ალხას კვიცინიამ კი 46,17. მეორე ტურის შედეგების მიხედვით, გამარჯვება ხმათა 66.55%- ით რაულ ხაჯიმბამ მოიპოვა.

დღეს უზენაესმა სასამართლომ საკასაციო მოსმენა დაიწყო აფხაზეთის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, „ამცახარას“ ოპოზიციური პარტიის ლიდერის ალხას კვიცინიას სარჩელზე, რომელიც ცდილობს, გაასაჩივროს არჩევნების შედეგები. მან ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ უზენაეს სასამართლოში სარჩელი 20 სექტემბერს შეიტანა. თუმცა, სარჩელი უარყოფილი იქნა, რის შემდეგაც კვიცინიამ საკასაციო სარჩელი უზენაეს სასამართლოში წარადგინა.

მსგავსი თემები