“იაზრებთ პასუხისმგებლობას, რომ სრულიად უდანაშაულო ხალხი გაიმეტეთ იმდროინდელი რეჟიმის ციხისთვის?” – კობალაძე ალანიას

“იაზრებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ სრულიად უდანაშაულო ხალხი გაიმეტეთ იმდროინდელი რეჟიმის ციხისთვის?”, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კობა კობალაძემ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, თამარ ალანიას „მუხროვანის ამბოხებასთან“ დაკავშირებით საუბრისას.

კობა კობალაძის განცხადებით, “მუხროვანის საქმესთან” დაკავშირებით მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილება საზოგადოებაში კრიტიკას იწვევს. ამასთან, მისი თქმით, თამარ ალანიას დამოკიდებილება, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.

“თქვენ უკვე უპასუხეთ კითხვას “მუხროვანის ამბოხის” საქმესთან დაკავშირებით, თუმცა მინდა რამდენიმე საკითხზე ჩაგეკითხოთ:
თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ, დამნაშავედ ცნობილი პირები ცნეს პოლიტპატიმრებად და სრულიად ქართულმა საზოგადოებამ აღიარა, რომ ეს პირები ემსხვერპლნენ კონკრეტულ უსამართლო რეჟიმსა და კონკრეტულ პირთა პოლიტიკურ ინტერესებს. ყოველივე ამის შემდგომ, იაზრებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ სრულიად უდანაშაულო ხალხი გაიმეტეთ იმდროინდელი რეჟიმის ციხისთვის?

ის, რომ განაჩენი იყო უსამართლო, დღეს უკვე არის არა შეფასების საგანი, არამედ ფაქტი. ამის შემდგომ, არ გაგიჩნდათ საკუთარ თავთან კითხვა, უნდა გააგრძელოთ თუ არა მოსამართლის მანტიის ტარება? პირები, რომელთა საქმესაც განიხილავდით, ძალიან სასტიკი ფორმით, პირდაპირ ჩაცხრილეს სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას. თქვენ როგორც მოსამართლემ, ამ უკანონო ფაქტზე, რა რეაგირება მოახდინეთ?

მე მესმის, რომ თქვენ არ გაქვთ ამაზე პასუხი, პრინციპში გაქვთ, მაგრამ იმდენად მიუღებელია, რომ სჯობს დადუმდეთ”, – მიმართა კობალაძემ მოსამართლეს.

თავის მხრივ, თამარ ალანიამ კობალაძეს უპასუხა:

“მინდა გითხრათ, რომ თქვენს მიერ მოხმობილი მტკიცებულებებიც წინააღმდეგობაში მოდის იმ საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან, მე ამაზე პასუხს არ გაგცემთ”, – განაცხადა ალანიამ.

ცნობისთვი, მუხროვანის სამხედრო ბაზაზე ამბოხება 2009 წლის 5 მაისს მოხდა. საქმეში 28 პირი იყო განსასჯელი. მათ შორის იყო, გენერალი კობა კობალაძე.



მსგავსი თემები