“ეს არ იყო გაძარცვის მცდელობა” – გორში მამაკაცმა 16 წლის გოგონას გაუპატიურება სცადა

გორში, 20 წლის მამაკაცმა 16 წლის არასრულწლოვანი მოზარდის გაუპატიურება სცადა. ახალგაზრდა გოგონას, სავარაუდოდ, სამარშრუტო ტაქსიდან აედევნა, სადარბაზოში დაეწია, პირზე ხელი ააფარა და ძალადობას ცდილობდა.

მსხვერპლის ყვირილი მეზობლებმა გაიგეს, მათმა გამოჩენამ კი მოძალადე დააფრთხო.

“ეს არ იყო გაძარცვის მცდელობა. ერთი ხელი პირზე ამაფარა და მეორე ყელზე წამიჭირა, ფაქტობრივად, მგუდავდა. ვერაფერი მოვასწარი და შეშინებულმა მხოლოდ ყვირილი მოვახერხე. ამ დროს მეზობელი გამოვიდა და დამეხმარა. სახლში შევვარდი და აღარც გამიხედავს უკან”, – ყვება მსხვერპლი.

პოლიციამ 20 წლის ტარიელ ციცაგი მეორე დღესვე დააკავა. მისი ადვოკატი ცდილობს დაამტკიცოს, რომ თავდასხმის მიზეზი არა სექსუალური ძალადობა, არამედ ძარცვა იყო. 

“ფაქტობრივი გარემოება იყო სხვა რამ. იმგზავრეს ერთი სამარშრუტო ტაქსით, გოგონას ყურსასმენები ეკეთა. ერთ-ერთ გაჩერებაზე რომ ჩამოვიდნენ, ამ ბიჭსაც იგივე გზა ჰქონდა. შეჰყვა სადარბაზოში, რადგან შეამჩნია, რომ ეკეთა სამკაულები და უნდოდა წაერთმია.  დღისით-მზისით, ასეთი ქმედება, რასაც ბრალდების ფორმულირება ქვია, ვერავინ ჩაიდენდა”, – აცხადებს დაკავებულის ადოკატი, ტანია რაზმაძე.

გავრცელებული ინფორმაციით, ტარიელ ციცაგი, რომელიც სხვაგვარი სექსუალური ქმედების გამო დააკავეს, მსგავს დანაშაულში წარსულში ორჯერ იყო შემჩნეული. 

ბრალდებულს გორის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 20 წლის ახალგაზრდას 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

მსგავსი თემები