„ცოტნეს მდგომარეობა კონტროლქვეშაა“ – კონსტანტინე გამსახურდია

„მკურნ​ალობა არის აქტიურ ფაზაში, ახლო მომავალში ვარაუდობენ რეაბილიტაციის დაწყებას“ – ამის შესახებ, ცოტნე გამსახურდიას ძმამ, კონსტანტინე გამსახურდიამ განაცხადა.

გამსახურდია , ძმის მკურნალობის ეტაპებზე საუბრობს და აცხადებს, რომ წინსვლა იგრძნობა.

“ახლახანს გამოვედით ისტანბულის აჯიბადემის კლინიკიდან, სადაც ამ სტრიქონების ავტორი და ჩემი ძმა, გიორგი შევხვდით ქალბატონებს, ფეიზა ოზთურქს, საავადმყოფოს დირექტორის მოადგილეს და ჰილალ ჩატალს, საერთაშორისო პაციენტების დეპარტამენტის დირექტორს, ასევე აჯიბადემის კლინიკის სათავო ოფისის წარმომადგენელს, ბატონ ოსმან შეიხოღლუს.

მოვისმინეთ ინფორმაცია ჩვენი ძმის, ცოტნეს მდგომარეობის შესახებ. მკურნალობა არის აქტიურ ფაზაში, ახლო მომავალში ვარაუდობენ რეაბილიტაციის დაწყებას“-განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.

გამსახურდიას ინფორმაციით, ცოტნე საუბარზე რეაგირებს: „მას თვალები ღია ჰქონდა, გვიყურებდა, თუმცა საუბარი არ შეეძლო ყელში ჩადგმული ტრაქეოსტომის გამო. როდესაც მარცხენა ხელში ხელი ჩავუდე და ვუთხარი, მომიჭირე მეთქი, მან ხელი მომიჭირა, ასევე ჩემს ძმასაც. ანალოგიურად ოდნავ ამოძრავებდა მარჯვენა ხელის ერთ თითს და ფეხის ორ თითსაც, რაც გარკვეული წინსვლაა. დიდი მადლობა აჯიბადემის კლინიკის ექიმებს, აკეთებენ რა ყველაფერს საბოლოო შედეგის მისაღწევად. უნდა ითქვას, რომ კლინიკა მართლაც უმაღლესი სტანდარტისაა. ასევე დიდი მადლობა ქართულ სახელმწიფოს და მთავრობას, რომელსაც ამ საკითხში ერთი ნაბიჯითაც არ დაუხევია“ – განაცხადა გამსახურდიამ.

შეგახსენებთ, რომ  ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს. გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე 4 პირია დაკავებული.

მსგავსი თემები