რუსეთის ულტიმატუმის მიუხედავად, ქართული საგუშაგოს გაუქმება არც განიხილება

რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის წამოყენებული ულტიმატუმი, სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს გაუქმებასთან დაკავშირებით, ქართული მხარის მხრიდან დღის წესრიგში არ დგას და არც დადგება. ულტიმატუმის ვადა დღეს გამთენიისას, 06:00 საათზე ამოიწურა, საგუშაგოს მშენებლობა კი დასრულებულია.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დიპლომატები დაა საერთაშორისო ორგანიზაციები კარგად არიან ინფორმირებულები, რომ სოფელი ჩორჩანა საქართველოს ტერიტორიაა.

„ეს არის და ყოველთვის იყო საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია, რაც დაფიქსირებულია, მათ შორის, იგივე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ. ჩვენ ორგანიზება გავუკეთეთ მედიას, რათა დაინტერესებულ საზოგადოებას სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდოს არსებულ ვითარებაზე. ყველაზე მთავარი ახლა არის სრულყოფილი ინფორმაციის ფლობა როგორც ჩვენთვის, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რაზეც საგარეო საქმეთა სამინისტრო მუდმივად მუშაობს ამ დღეებში, შეიძლება ითქვას 24 – საათიან რეჟიმში. მაგალითად, გუშინ დაუყოვნებლივ შევკრიბეთ დიპლომატიური კორპუსი, ასევე შესაბამისი ინსტრუქციები მივეცით შესაბამის საელჩოებს, რომლებიც ამ წუთებშიც მუშაობენ ჩვენს პარტნიორებთნ. შეიძლება ითქვას, ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვართ, ყოველწუთიერ რეჟიმში ვართ კონტაქტზე ჩვენ პარტნიორებთან, რათა მათ მივაწოდოთ სრულყოფილი ინფორმაცია და ერთობლივად დავგეგმოთ შესაბამისი ნაბიჯები იმისთვის, რომ არ მოხდეს ვითარების შემდგომი ესკალაცია“,- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ სოფელ ჩორჩანაში.

შეგახსენებთ, რომ რუსული მხარე, ქართული მხარისგან, სოფელ ჩორჩანაში პოლიციის ბლოკ-პოსტის მშენებლობის შეწყვეტასა და აშენებულის დემონტაჟს ითხოვდა და ამისთვის, ხელისუფლებას ვადაც დაუწესა.

მსგავსი თემები