საქართველოს 34 მოქალაქე ჩინეთიდან საქართველოში ბრუნდება – ისინი ორკვირიან კარანტინს გაივლიან

საქართველოს 34 მოქალაქე, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებდა ჩინეთიდან დღეს საქართველოში ბრუნდება.

„ეს არ არის ჩვენი მოქალაქეების ევაკუაცია, როგორც ინფორმაცია ვრცელდება. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ჩინეთში იმყოფებოდნენ, ცხოვრობდნენ, მუშაობდნენ, სწავლობდნენ. შექმნილი მდგომარეობის გამო ბევრმა ავიაკომპანიამ რეისები გააუქმა. ამ შესაძლებლობით ისარგებლეს სხვა ავიაკომპანიებმა და საკმაოდ გააძვირეს მგზავრობა. რა თქმა უნდა, ეს ბილეთებზეც აისახა. ეს არის ხალხი, რომელსაც გაძვირებული ბილეთის ყიდვის საშუალება არ ჰქონდა.

აქედან გამომდინარე, ჩვენ, მთავრობამ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მათ დავხმარებოდით, ხელი შეგვეწყო. გამოვიყენეთ შესაძლებლობა, რომელიც შემდეგში მდგომარეობს – ჰუალინგმა გაგზავნა ჰუმანიტარული ტვირთი, ჩვენ ვთხოვეთ, რომ ჩვენი მოქალაქეები, ვისაც ჩინეთიდან უნდოდა წამოსვლა, აღნიშნული თვითმფრინავით წამოეყვანათ“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ჩინეთიდან სპეცრეისით დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები ორკვირიან კარანტინს გაივლიან.

გაბუნია აცხადებს, რომ აეროპორტში მათ ეპიდემიოლოგებისგან და ექიმებისგან შემდგარი ჯგუფი დახვდება.

„წინასწარი შემოწმება ამ მოქალაქეებს ჯერ კიდევ ჩინეთიდან გამოფრენამდე აქვთ გავლილი. არც ერთ მათგანს ამ წუთამდე არ უფიქსირდება არანაირი ნიშანი იმისა, რომ შეიძლება ჰქონდეთ კორონავირუსი, თუმცა სიფრთხილის ზომების გათვალისწინებით, როდესაც ჩვენ შევაფასებთ მათ მდგომარეობას, გათვალისწინებულია ორკვირიანი კარანტინის გავლა სასტუმროს ტიპის კომპლექსში, რომელიც არსებობს საჩხერის საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს არის იდეალური ადგილი. თუკი იქნება სამედიცინო ჩარევის საჭიროება, მარტივად იქნება შესაძლებელი მოქალაქის გადაყვანა სამედიცინო დახმარების მისაღებად. თუმცა, ამ მომენტისთვის არავითარი საჭიროება მათ სამედიცინო დახმარების არ აქვთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი თემები