“პოლიციას სკოლამ გადასცა ინფორმაცია, ვინ იყო კადრებზე აღბეჭდილი” – ადვოკატი

15 წლის მოზარდის საქმეზე დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის ადვოკატის არჩილ შაბაშვილის განცხადებით, სკოლამ მოიპოვა მტკიცებულებები, რომლებიც გამოძიების შემდეგ, პოლიციას გადასცეს. 

ადვოკატის ინფორმაციითვე, სკოლის ადმინისტრაციამ პოლიციას დაახვედრა ამოღებული ვიდეოკამერები, ბავშვების ინფორმაცია, ვინ იყო ამ კადრებზე აღბეჭდილი და ასევე ბავშვებისგან მოპოვებული ე.წ. სქრინშოტები.

„რა ინფორმაციაც მე მისგან მაინტერესებდა მიმეღო, მე ის ინფორმაცია მივიღე. ის გამორიცხავს თავის მონაწილეობას ამ ქმედებაში. მისთვის ბრალი არც წარუდგენიათ და მიაჩნია, რომ ამ საქმეში უდანაშაულოა. 

მნიშვნელოვანია ამ საქმეში გაირკვეს სკოლის წვლილიც, რადგან სკოლამ მოიპოვა მტკიცებულებებ, რომელიც გამოძახების შემდეგ პოლიციის თანამშრომლებს გადასცეს. სკოლის მიერ იყო ამოღებული ვიდეოკამერები, სკოლამ გამოკითხა ბავშვები, რომლებსაც ამოაცნობინა აწ გარდაცვლილი ბავშვი. როდესაც ინფორმაცია შევიდა 112-დან პოლიციის განყოფილებაში, რომ მომხდარი იყო ასეთი ფაქტი, როდესაც ადგილზე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, სკოლის ადმინისტრაციამ დაახვედრა ამოღებული ვიდეოკამერები, ბავშვების ინფორმაცია, ვინ იყო ამ კადრებზე აღბეჭდილი და ასევე დაახვედრა ბავშვებისგან მოპოვებული ე.წ. სქრინშოტები, „ფეისბუქის“ სქრინშოტებზეა საუბარი, ანუ ბავშვების პირადი მიმოწერა. ამ საკითხზე მოგვიანებით ვისაუბრებ. სკოლამ დაახვედრა მოზარდი პოლიციას იდენტიფიცირებული, ასევე სკოლამ მიაწოდა ინფორმაცია, როგორ უნდა დამყარებულიყო მასთან კონტაქტი, ანუ მისი მისამართი და ტელეფონის ნომერი და მისი გამოცხადება პოლიციის განყოფილებაში მოხდა მშობელთან ერთად“, – განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატი, ჯერჯერობით, დეტალებზე არ საუბრობს, რადგანაც საქმის მასალები არ გადაუციათ. ის მასალების გადაცემას ხვალ ელოდება, როცა დაკავებულ ჩოლოიანს ბრალს წარუდგენენ.

დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელიც 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე გუშინ დააკავეს, კვლავ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

დაკავებულის ადვოკატის, არჩილ შაბაშვილის განცხადებით, გამომძიებელს კომპიუტერული ტომოგრაფია უნდა ჩაუტარდეს.

„ამჟამად, ჯერ კიდევ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა. ჩასატარებელია სხვა სამედიცინო მოქმედებები, რადგან მისი ჯანმრთელობა, დღეის მდგომარეობით, მცირედ შერყეულია. დიაგნოზი ექიმს ზუსტად არ უთქვამს, უნდა ჩაუტარდეს კომპიუტერული ტომოგრაფია და მოხდეს დაკვირვება. კომუნიკაცია უჭირს, მაგრამ რა ინფორმაციაც მაინტერესებდა მიმეღო მისგან, მივიღე. გამორიცხავს მონაწილეობას ამ ქმედებაში და მიიჩნევს, რომ ამ საქმეში ის არის უდანაშაულო“, – განაცხადა არჩილ შაბაშვილმა.

მსგავსი თემები