“მოლოდინები გაუმჯობესდა, რაც მოკლევადიან პერიოდში კურსის ფორმირებაში დიდ როლს თამაშობს” – კობა გვენეტაძე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე ბოლო დღეების განმავლობაში ლარის კურსის გამყარების მიზეზებად სებ-ის მიერ გატარებულ მონეტარულ პოლიტიკას და მოლოდინების გაუმჯობესებას ასახელებს.

რაც შეეხება დღეს ლარის მცირედ გაუფასურებას, გვენეტაძის თქმით, შეუძლებელია კურსის ერთი დღის მოძრაობაზე კომენტარის გაკეთება.

„სავალუტო რეზერვების ინტერვენციები განვახორციელეთ, ასევე განხორციელდა სარეზერვო მოთხოვნების შემცირება უცხოურ ვალუტაში, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ეფექტიანი ბერკეტია ამ შემთხვევაში, გამკაცრდა მონეტარული პოლიტიკა და საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა. ეს არის კლასიკური ქეისი, რა უნდა გაკეთდეს ამ შემთხვევაში და ვფიქრობთ, არის მოლოდინების გაუმჯობესებაც, რომელიც ძალიან დიდ როლს თამაშობს კურსის ფორმირებაში მოკლევადიან პერიოდში. ასევე გამოქვეყნდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ ინფორმაცია, რომელიც დადებითი იყო. ვფიქრობ, ამ ფაქტორების ერთობლიობა განაპირობებს კურსის მოძრაობას. ისევ და ისევ, მოკლევადიან პერიოდში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოლოდინებს, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში კი, ე.წ. ფუნდამენტურ ფაქტორებს“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.

მსგავსი თემები