“დეკანოზი გიორგი მამალაძე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი გაათავისუფლებს” – ადვოკატი

ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა პატიმარი საპყრობილეში მოინახულა. საპყრობილიდან გამოსვლის შემდეგ, მიხეილ რამიშვილმა მედიას დეკანოზის წერილი გააცნო.

„ის მადლობს სული წმინდა ღმერთს, რომელმაც მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს მიაღებინა შეწყალების შუამდგომლობის გადაწყვეტილება და იმედოვნებს, საქართველოს პრეზიდენტი და ხელისუფლება ყველაფერს იღონებს შუამდგომლობის დასაკმაყოფილებლად.

იგი იმედს გამოთქვამს, რომ საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ ექნება საშუალება, დააფიქსიროს თავისი პოზიცია მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით. მისთვის სინოდზე და სინოდის შემდეგ განვითარებული მოვლენები, დაკავშირებული მიტროპოლიტ პეტრესთან, არის უაღრესად მძიმე. ის იმედოვნებს, რომ ნათელი ქრისტე განგვანათლებს ყოველთა. ეს არის მისი პოზიცია“, – განაცხადა ადვოკატმა.

კითხვაზე, რა საკითხებზე აპირებს დეკანოზი პოზიციის დაფიქსირებას, ადვოკატი აცხადებს:

„ამასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ ასე დეტალურად არ იყო საუბარი, რა საკითხებზე ექნებოდა განხილვა, მაგრამ ეს გამოჩნდება, როდესაც საპატიმროდან გათავისუფლდება და მას საშუალება ექნება, რომ გარკვეულ საკითხებზე პოზიცია დააფიქსიროს.

მეუფე პეტრესთან დაკავშირებით მისი პოზიცია მე უკვე წავიკითხე, რომ მისთვის არის უაღრესად მძიმე და იმედოვნებს, რომ ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

​ამასთან, ადვოკატის თქმით, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა.

მსგავსი თემები