“ჩვენ საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების ნდობა სერიოზულად დავაზიანეთ” – მარიამ ჯაში

“ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატი, მარიამ ჯაში აცხადებს, რომ ჯობდა, მოსახლეობისთვის 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირება არ მიეცათ.

ჯაშის თქმით, პირობის არ შესრულებამ სერიოზულად დააზიარა არამხოლოდ საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორები, არამედ გუნდიც.

“ჩემი მესიჯი იყო ცალსახა, ამ ნაბიჯით ჩვენ არამხოლოდ შევარყიეთ ნდობა, არამედ რეალურად, გავეცით მესიჯი, რომ უმრავლესობა ცდილობს გაიძლიეროს ერთიანობის და უმრავლესობის შენარჩუნების ბერკეტები. ეს არ არის კარგი მესიჯი, განსაკუთრებით საერთაშორისო პარტნიორების მიმართ. არ გამკვირვებია, როდესაც თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ დატოვეს უმრავლესობა, ვინაიდან ისინი საერთაშორისო ასპარეზზე მუშაობდნენ და თვეების მანძილზე არწმუნებდნენ ჩვენს პარტნიორებს, რომ მნიშვნელოვან ნაბიჯს ვდგამდით.

ჩვენ ვიყავით აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ ბატონი ივანიშვილის განცხადების შემდგომ ამას მოჰყვა განხილვების მთელი პროცედურა. მას 93-მა დეპუტატმა მოაწერა ხელი. პროცედურულად თუ გავყვებით შეიძლება ითქვას, რომ ინიცირება აუცილებლად მხარდაჭერას არ ნიშნავს, მაგრამ ეს იყო პირობა, რომელიც გახდა წყალგამყოფი. ჩემთვის ნათელი იყო, რომ ჩვენ საზოგადოების ნდობა და საერთაშორისო პარტნიორების ნდობა სერიოზულად დავაზიანეთ. უმრავლესობის პოზიცია თუ ამ ნაბიჯამდე უნდა მისულიყო, სჯობდა, რომ საერთოდ თავიდანვე აგვეცილებინა აღნიშნული პირობის მიცემა”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მსგავსი თემები