პირი, რომელიც გლდანში უმისამართოდ ისროდა დაკავებულია

გლდანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი.

„2020 წლის 9 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ გლდანში, აკაკი ვასაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან რამდენიმე გასროლა განხორციელდა. მიღებული შეტყობინების საფუძველზე ადგილზე გამოცხადდნენ სამართალდამცველები, ადგილზე ასევე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც. ჩატარებულ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გაირკვა, რომ ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან, სავარაუდოდ ე.წ. სასიგნალო იარაღიდან, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მოქალაქემ – 1997 წელს დაბადებულმა ბ.შ.-მ რამდენჯერმე უმისამართოდ გაისროლა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, ამასთანავე, ბ.შ. არ დაემორჩილა ადგილზე მისული სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას, კერძოდ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის პოლიციელებს საცხოვრებელი ბინის კარს არ უღებდა.

„ბ.შ. დაკავებული იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის.

სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს იარაღი, რომლიდანაც გასროლა განხორციელდა“, – აღნიშნავენ შსს-ში.

მათივე ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები