“ტყვიები არის არალეტალური და კანონით გათვალისწინებული” – გიორგი გახარია

“გამოყენებული ტყვიები არის არალეტალური, ის მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში კანონით გათვალისწინებულია სამართალდამცავი სისტემისთვის გამოსაყენებლად”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, პოლიცია იძულებული იყო, გამოეყენებინა ის საშუალებები, რომლებიც კანონით პოლიციას აქვს აღჭურვილობაში.

„ერთმნიშვნელოვნად და ყოველთვის, დღევანდელი დღის შემდეგ განსაკუთრებით, ყველგან დავაყენებ აქციის ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხს. აქცია გარკვეულ მომენტში, კონკრეტული პოლიტიკოსების მოწოდების საფუძველზე გახდა ძალადობრივი“,- განაცხადა გახარიამ.

შს მინისტრის თქმით, ქვეყანაში ძალის გამოყენებით არავის მისცემენ საშუალებას, მიაღწიონ რამე პოლიტიკურ შედეგებს.

“ყველამ უნდა იცოდეს ერთი რამ, რომ ამ ქვეყანაში ძალის გამოყენებით არავის აღარ მივცემთ საშუალებას, რომ მოხდეს პოლიტიკური შედეგების მიღწევა. სხვანაირად ჩვენ ნორმალურ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვეღარ ავაშენებთ. ეს იყო პარლამენტში ძალისმიერად შტურმის საშუალებით ორგანიზებული ჯგუფების მიერ შეჭრის, რა მიზნით იყო პარლამენტში შეჭრა და ექნებოდა თუ არა ამას პოლიტიკური შედეგები და გამოსავლები, ამაზე გამოძიებამ უნდა იმსჯელოს“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები