“ის აქციები, რომლებიც გახარიას წინააღმდეგ იმართება, მის რეიტინგზე გავლენას ვერ მოახდენს” – გია აბაშიძე

„გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრად დანიშვნა ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ სერიოზულად ემზადება არჩევნებისთვის“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გია აბაშიძემ „მედიაცენტრ მთავარში“, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.

აბაშიძის შეფასებით, ის აქციები, რომლებიც გახარიას წინააღმდეგ იმართება, მის რეიტინგზე გავლენას ვერ მოახდენს.

„გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის კანდიდატად დასახელება იმის ნიშანია, რომ აქტიური საარჩევნო ფაზა დაწყებულია. ის აქციები, რომლებიც გახარიას წინააღმდეგ იმართება, მის რეიტინგზე გავლენას ვერ მოახდენს. მითუმეტეს, მან წარმატებული რეფორმები განახორციელა შსს-ში, სწორედ ამ პროტესტის ფონზე.

ამასთან, პროტესტის მასშტაბურობა არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, ვიფიქროთ, რომ ყველა გახარიას პოლიტიკის წინააღმდეგია“, – განაცხადა აბაშიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

კითხვაზე, იქნება თუ არა რადიკალური გახარიას გადაწყვეტილებები ოპოზიციის მიმართ, აბაშიძე პასუხობს, რომ ის თვისებები, რაც მას ახასიათებს, დაეხმარება მთავრობის მეთაურის რანგში ყოფნისას, მძიმე გადაწყვეტილებების მიღებაში.

„გახარიას ახასიათებს მტკიცე, შეუპოვარი პოზიციების გამოხატვა, როგორც დებატებისას, ასევე ქმედებისას და რეფორმებისას. უნდა  ვივარაუდოთ, და დიდი ალბათობით, ასეც იქნება, რომ ის ასეთივე იქნება მთავრობის მეთაურის როლში, როდესაც იქნება მისაღები სხვადასხვა მძიმე გადაწყვეტილებები”, – განაცხადა ანალიტიკოსმა, გია აბაშიძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები