“ეს ის ჯაჭვი და ბოქლომებია, 2012 წელს, საზოგადოებამ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით რომ აიხსნა!“ – დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე დესტრუქციული ძალების წარმომადგენლების გასაგონად განცხადებას აკეთებს. დეპუტატი მათ ახსენებს, რომ იმ ბოქლომებისა და ჯაჭვებისგან, რომელსაც ისინი დღესაც აქტიურად იყენებენ, ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობა 2012 წელს გაათავისუფლა.    

„დესტრუქციული ძალის წარმომადგენლების, ქვეყნის მართვის სადავეებთან მიკარებაც რომ სახიფათოა, ეს ამ დღეებშიც დასტურდება. ისინი პარლამენტში შემოღწევას ჩვეული მეთოდებით, რევოლუციითა და ბოქლომებით ცდილობენ! ეს ის ჯაჭვი და ბოქლომებია, 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, საზოგადოებამ რომ აიხსნა! სახეებიც იგივე, ბევრი არაფერი შეცვლილა, სიტყვათა წყობაც ჩვეული:-„სულს ამოგხდით! “-„ჯოჯოხეთს მოგიწყობთ!’’-„ … გაგხევთ! “ და ა. შ. მათი ბილწსიტყვაობა მაგონებს გამონათქვამს: „კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების“. სიბეცეს სხვას აბრალებენ და ბეცები რომ არიან, მათ შედეგზეც ჩანს. „გადაგვაგდესო“ ამბობთ, გადაგდებას არ გკადრებთ, მოსაცილებელი ნამდვილად ხართ, მაგრამ, ვაი, რომ დღემდე ვერ მოხერხდა. ეს უდავოდ ჩვენი , „ქართული ოცნების “ შეცდომაა“ – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

დეპუტატი დესტრუქციულ ძალებს ურჩევს, არჩევნებისთვის მოემზადონ და არა რევოლუციისთვის.

„პოლიტიკას აზროვნება სჭირდება და არა ბილწსიტყვაობა. პარლამენტში შესასვლელად, ამომრჩეველს ქუჩა-ქუჩა სირბილით თავს ვერ მოაწონებთ, მათ უნდა შეგამჩნიონ მაინც, რომ ქვეყანაზე ზრუნვა გარბენინებთ და არა სახელისუფლებლო სავარძლების დაბრუნების ჟინი. იმ პოლიტიკოსებს კი, ვისაც ჯერ კიდევ პატივს ვცემ და დღეს სამწუხაროდ, „ქუჩის მისამართზე“ , „ნაცმოძრაობასთან“ ერთად დგას, ვეტყოდი, რომ ერთმანეთს ნამდვილად არ უხდებით! მოემზადეთ არჩევნებისთვის და არა რევოლუციისთვის! ლურჯი საღებავი ვერ დაფარავს თქვენს მელიობას! საზოგადოებამ „თქვენი მოსაცვლელი კბილი დიდი ხანია მოიცვალა“ – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.   

მსგავსი თემები