„ფორსაჟი 9“-ის ეპიზოდების გადაღებებში ვერტმფრენიც ჩაერთვება

საქართველოში ჰოლივუდის ცნობილი ფილმის „ფორსაჟი 9“-ის (Fast and Furious 9)-ის მორიგი ეპიზოდების გადაღებაში, უპილოტო საჰაერო ხომალდების გარდა, ვერტმფრენიც ჩაერთვება.

საჰაერო კინოგადაღება ავიაკომპანია Heli and Co SA-ის კუთვნილი EUROCOPTER AS 355N-ის ტიპის ვერტმფრენით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ კომპანიას საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოების (სატელევიზიო და კინოგადაღების ჩატარება) წარმოების ნებართვა 2019 წლის 26 აგვისტოს მიანიჭა. სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორებისა და სპეციალისტების მიერ, ადგილზე მოხდა სპეციალურად მოწყობილი ასაფრენ-დასაფრენი მოედნისა და საფრენი ლოკაციების დათვალიერება. ასევე გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა ტექნიკურ ჯგუფთან და ვერტმფრენის პილოტებთან.

აგვისტოს დასაწყისში, ამავე ფილმის საჰაერო გადაღებებისთვის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული კომპანიის კუთვნილი რვა ერთეული უპილოტო საჰაერო ხომალდი დარეგისტრირდა და სპეციფიკურ კატეგორიაში ექსპლუატაციის ნებართვა მიენიჭა.

ჰოლივუდური ფილმის გადაღება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის – „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება.

მსგავსი თემები