რა პროდუქტებზე გაიზარდა ფასები ივლისის თვეში? – საქსტატის მონაცემები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2019 წლის ივლისის თვის მონაცემებს აქვეყნებს, რომელიც ქვეყანაში ინფლაციის დონეს ეხება. 

უწყების ცნობით, მიმდინარე წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში -0.02% ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.6% შეადგინა. ამავე პერიოდში თამბაქოს გარეშე ინფლაციის მაჩვენებელმა წინა თვესთან შედარებით, 0.4% შეადგინა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზე გვაქვს სამომხმარებლო ფასების 3.9% ზრდა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2019 წლის ივლისში გასული წლის ივლისთან შედარებით, 3.4% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 1.9%-ით განისაზღვრა. 

საქსტატის ცნობით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ ტრანსპორტის, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფებზე.

ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.8%-იანი მატება, რაც 0.22 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (3.3%) სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.3%) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (1.5%);

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.2%-იანი მატება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.06 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (4.3%), რძე, ყველი და კვერცხი (3.1%), თევზეული (1.9%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.0%). ამასთან ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-8.1%), ასევე ხილსა და ყურძენზე (-2.0%). 

ამასთან, უწყების ცნობით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათის, უალკოჰოლო და ალკოჰოლური სასმელებისა და ტრანსპორტის ჯგუფებზე.

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.9%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.33 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: თევზეული (15.0%), ბოსტნეული და ბაღჩეული (15.0%), პური და პურპროდუქტები (12.2%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (9.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (6.9%), რძე, ყველი და კვერცხი (6.5%), ასევე მინერალური და წყაროს წყალი (4.2%). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-0.9%);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 13.7%-ით, რაც 0.92 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (29.1%);

ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.9%-იანი მატება, რაც 0.48 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (6.8%), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4.1%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.7%);

დასვენება, გართობა და კულტურა: ფასები გაზრდილია 5.6%-ით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.32 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა გასართობ და კულტურულ მომსახურებაზე (6.5%);

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები მომატებულია 3.5%-ით, რაც 0.29 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (4.9%), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (3.4%) და საავადმყოფოების მომსახურება (1.7%).

მსგავსი თემები