„ჰესებს სეისმურ ზონებშიც კი აშენებენ“ – სეისმოლოგი „მედიაცენტრ მთავარში“

„ჰესებთან დაკავშირებით, ყველა პროექტი გადასახედია. წონადი საერთაშორისო ექსპერტები უნდა მოვიწვიოთ. ეს პროექტები ჩვენს ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდება, ცუდ შედეგებს მივიღებთ,“ – აღნიშნა „დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის” მთავარმა სეისმოლოგმა თეა გოდოლაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

როგორც სესმოლოგი აცხადებს, უდიდესი პრობლემაა ისიც, რომ ჰესების მშენებლობა სეისმურ ზონებშიც ხდება.

„ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ჩვენს ქვეყანაში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით ხდება, სრულფასოვანი კვლევების არარსებობაა. ჰესების დაგეგმარებისას, მსგავსი არაფერი კეთდება. ჰესებს ისე გეგმავენ, ბუნებრივი პირობები და ჰესების წარმადობა შესწავლილი არც არის“ – აღნიშნა ექსპერტმა „მედიცენტრ მთავარში“.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში არსებულ მდინარეებთან დაკავშირებით, მონაცემთა ბაზა საერთოდ არ არსებობს: „მონაცემთა ბაზა, იგივე მდინარეებთან დაკავშირებით არ არის. ეს არის ჰესების სერია, საცხობივით აცხობენ ჰესებს და თითქმის ყველგან პრობლემაა. ჰესებს სეისმურ ზონებშიც კი აშენებენ. ისე, რომ შესაბამისი საფრთხეები გათვლილი არც არის. პრობლემაა ისიც, რომ ჰესების სამშენებლო ნორმები საერთოდ არ გვქვს“.

გოდოლაძის განცხადებით, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი მხოლოდ ერთია – ყველა პროექტი უნდა გადაიხედოს, რომ ცუდი შედეგები არ მივიღოთ.

„გარემოზე ზემოქმედების ანგარში, რომელიც უნდა ახლდეს ჰესების მშენებლობას, გადაკოპირებულია ერთი რეგიონიდან მეორეზე. გადაწყვეტილებას იღებს ის ხალხი, რომელიც ამ საკითხებში საერთოდ არ ერკვევა და გამოცდილებაც არ აქვს. ჰესებთან დაკავშირებით ყველა პროექტი გადასახედია. წონადი საერთაშორისო ექსპერტები უნდა მოვიწვიოთ. ეს პროექტები ჩვენს ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდება, ცუდ შედეგებს მივიღებთ“ – აღნიშნა გოდოლაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები