ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი მაღალია, ევრო 6-ის ტიპის ავტობუსები შვებას მოგვცემს – თბილისის მერი

თბილისის მერ​ კახა კალაძის განცხადებით, ქალაქში, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, რომლის გამოსასწორებლად, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა. მუნიციპალიტეტის მთავრობა ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით, სხვადასხვა ღონისძიებას ახორციელებს, რამაც მომდევნო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვან შედეგი უნდა მოიტანოს.

როგორც კახა კალაძემ, ვიდეოდიალოგის დროს, მოქალაქე ნინო შავერდაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, დედაქალაქის მთავრობის ყოველი სამუშაო დღე მიმართულია იმისკენ, რომ ღირსეულად უპასუხონ იმ გამოწვევებს, რომელიც თითოეულ თბილისელს აწუხებს. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სხვადასხვა მიმართულებით. 

“არსებული ავტობუსების პარკი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს გამონაბოლქვის თვალსაზრისით და მისი განახლება, ჩანაცვლება ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, ევრო 6-ის ტიპის ავტობუსებით შვებას მოგვცემს. ერთ წელზე ცოტა მეტი გავიდა, რაც ჩვენ საქმიანობას ოფიციალურად შევუდექით. აბსოლუტურად გეთანხმებით იმაში, რომ ქალაქში ეკოლოგიური თვალსაზრისით, პრობლემა გვაქვს, თუმცა არ დაგეთანხმებით იმაში, რომ მის მოსაგვარებლად, არაფერს ვაკეთებთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ასევე,მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების გადაწყვეტილება მიიღო.

„საკანონმდებლო დონეზე გადაწყვეტილებები მივიღეთ სამშენებლო მიმართულებითაც. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმ რეგულაციებს, თუ როგორ უნდა განხორციელდეს მშენებლობა, როგორ უნდა ვიყოთ დაცული იმისგან, რომ ჰაერი არ დაბინძურდეს. მნიშვნელოვანია ასევე, სკვერების გამწვანება, პარკების განახლება-რეაბილიტაცია, ახალი საქალაქო პარკების მშენებლობა. ეს ყველაფერი საერთო ჯამში, მოგცემს იმის შესაძლებლობას, რომ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა მომდევნო წლების განმავლობაში გამოსწორდეს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მსგავსი თემები